Toyota-მ გაყიდვებში პირველობა 2025 წელსაც არავის დაუთმო
Toyota-მ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის ტიტულის შენარჩუნება ზედიზედ მეექვსედ, 2025 წელსაც შეძლო. მეტიც, იაპონურმა ავტომწარმოებელმა გასულ წელს, 2024-თან შედარებით, 3.7%-ით მეტი, 10.5 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ეს შედეგი განსაკუთრებით შთამბეჭდავია მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე არსებული გართულებული პოლიტიკური ვითარების კონტექსტშიც. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ტარიფები მთელი სიმძიმით არ შეხებია, მათი ზომა 2.5-დან 15%-მდე მაინც გაიზარდა. 
გაყიდვების ზუსტი რიცხვი, Lexus-ის მოდელების ჩათვლით (და Daihatsu-სა და Hino-ს გამოკლებით), 10 536 807 ერთეულს შეადგენს, ხოლო თუ დანარჩენ ორ შვილობილ ბრენდსაც მივათვლით, 11.3 მილიონს მიაღწევს. მე-2 ადგილზე გასულმა Volkswagen-მა კი 2.5 მილიონი ავტომობილით ნაკლები, 9 მილიონი ერთეული გაყიდა (0.5%-იანი შემცირება).
გაყიდვები ბაზრების მიხედვით
Toyota-ს დიდებულებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კომპანიამ მასშტაბური ზრდა დააფიქსირა ელექტრიფიკაციის მიმართულებით არსებული პრობლემებისა და ჩინურ ავტომწარმოებლებთან კონკურენციის პირობებშიც.
ცხადია, ცენტრალური ბაზარი ტოიოტასთვის აზიაა. კონტინენტზე ბრენდმა 3.285 მილიონი ავტომობილი გაყიდა (2024-ზე 2.2%-ით მეტი). ამ რიცხვის ნახევარზე მეტი, 1.78 მილიონი ჩინურ ბაზარზე მოვიდა. 
წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთ ამერიკამაც. ზრდა აქ 7.3%-იანი იყო და 2.929 მილიონი გაყიდული ერთეული შეადგინა. ცენტრალური ბაზარი ამ კონტინენტზე, რა თქმა უნდა, აშშ იყო, სადაც Toyota-ს მოდელებზე არჩევანი 2024 წელზე 8%-ით მეტმა მძღოლმა შეაჩერა.
პერფორმანსი მძლავრი იყო ევროპაშიც — აქ იაპონურმა ავტომწარმოებელმა 1.182 მილიონი ავომობილის გაყიდვა შეძლო. სხვა კონტინენტებზე არსებულ ტემპებს ფეხი ვერ აუწყო სამხრეთ ამერიკამ — 2025 წელს გაყიდვები აქ 3.2%-ით შემცირდა და 472 049 ერთეული შეადგინა.
Toyota-ს ელექტრიფიკაცია რიცხვებში
ელექტრიფიცირებული მოდელები Toyota-ს გლობალური გაყიდვების, დაახლოებით, ნახევარს შეადგენდა. 2025 წელს, კომპანიამ 4.994 მილიონი ასეთი მანქანა გაყიდა, რაც 10.2%-იანი ზრდის მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რიცხვის უდიდესი ნაწილი, 4.433 მილიონი ერთეული კლასიკურ ჰიბრიდებზე მოვიდა.
მნიშვნელოვნად, 86.8%-ით გაიზარდა მაილდ ჰიბრიდების გაყიდვებიც, თუმცა რაოდენობრივად მაინც მცირეა — 177 172 ერთეული. 2024 წელთან შედარებით, 19.5%-ით მეტმა მძღოლმა შეაჩერა არჩევანი დამუხტვად ჰიბრიდებზეც, თუმცა მასშტაბური არც ეს რიცხვია — 183 845. 
42.4%-იანი ზრდის მიუხედავად, 200 000 ერთეულს ვერც სრულად ელექტრო მოდელებმა მიაღწიეს — Toyota-მ მხოლოდ 199 137 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო.
ერთი სიტყვით, ტოიოტა მეფობას აგრძელებს და დიდად არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ამ გვირგვინს ახლო მომავალში ვინმე გადაიბარებს.