ავტონომიური მანქანა, ლონდონი, რობოტაქსი, ვეიმო, გაერთიანებული სამეფო
Aa
Aa

Waymo გაერთიანებულ სამეფოში | რობოტაქსებით სარგებლობას მალე ლონდონელებიც შეძლებენ

მალე ლონდონელები სრულად ავტონომიური Waymo-ებით გადაადგილებას შეძლებენ. თვითმართვადი ტაქსების ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ოპერირებას 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს.

Waymo-ს დიდ ბრიტანეთში გამოჩენის პარალელურად, კომპანიას მშობლიურ მიწაზე პრობლემები აქვს. რამდენიმე დღის წინ, NHTSA-მ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიის ავტონომიური ტაქსი სანტა-მონიკაში, კალიფორნიაში, სკოლის მახლობლად ბავშვს დაეჯახა. 

ლონდონის ადგილობრივი ტრანსპორტის მინისტრმა, ლილიენ გრინვუდმა დაადასტურა, რომ Waymo, რომელიც Google-ის მფლობელი Alphabet-ის შვილობილია, საპილოტო გასვლებს აპრილში დაიწყებს, სრული მასშტაბით კი საქმეში სექტემბერში ჩაერთვება. 

იმის უზრუნველსაყოფად, რომ რობოტაქსები ლონდონის ქუჩებს მიეჩვიონ, რამდენიმე მანქანა უსაფრთხოების ოპერატორის ზედამხედველობით, დედაქალაქში ახლაც დაიარება. 

მონაცემთა შეგროვება და კიბერუსაფრთხოების ნორმები

Waymo-ს ცნობით, კომპანია ამჟამად ლონდონის ქუჩების შესახებ მონაცემებს აგროვებს, რისთვისაც მაღალტექნოლოგიურ კამერებს, Lidar სენორებსა და რადარებს იყენებს. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლილიენ გრინვუდმა განაცხადა, რომ, სანამ სამომხმარებლო დონეზე ოპერირებას დაიწყებენ, რობოტაქსები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ძალიან მკაცრ შემოწმებას გაივლიან — უსაფრთხოების ზომებში იგულისხმება კიბერ შეტევების მიმართ მდგრადობა და უსაფრთხო პროგრამული პროტოკოლის ქონა. 

როგორც კი რობოტაქსები ლონდონის გზებს საფუძვლიანად შეისწავლიან და არსებულ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ, Waymo-ს აპლიკაცია ლონდონელებისთვისაც გახდება ხელმისწავდომი. სავარაუდოდ, თავდაპირველად Waymo „პრემიუმ“ კლასის მომსახურება იქნება და მისი ფასიც სტანდარტული ტაქსის მომსახურების ფასზე ბევრად მაღალი იქნება. 

Alphabet-ის პროდუქტი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს უმიზნებს. ავტონომიური ტაქსის მომსახურების დანერგვით დაინტერესებულები არიან Uber-ი და Lyft-იც. ვინ იცის, იქნებ როგორც ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში, ლონდონი ავტონომიური მანქანების ეპოქაშიც ცენტრალურ ქალაქად იქცეს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები