მოდიფიცირება, ფორსაჟი, პრიუსი, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი, აწყვეტილები
Aa
Aa

ტოკიო დრიფტიდან რეალობაში | იაპონურმა ტუნერმა Prius-ი „ფორსაჟის“ სუპერქარად აქცია

ბევრი ავტომოყვარული თანხმდება, რომ Toyota Prius-ის მოდელები, წლების გასვლასთან ერთად, ვიზუალურად მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ბოლო თაობა კი „პრიუსების“ ხაზის საუკეთესო ვერსიაა. რა თქმა უნდა, ეს არც ტუნერებს გამოჰპარვიათ, რომლებმაც, თავისივე სტილის შესაბამისად, Prius-ის ბევრად ამბიციური მოდელების შექმნა დაისახეს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი განახლება ტოკიოში ცოტა ხნის წინ ვიხილეთ — ის ორი ადგილობრივი ფირმის, Crystal Eye-სა და Body Shop Kikut-ას ერთობლივი ნამუშევარია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე Prius-ის არაერთი ციფრული რენდერი გვინახავს, რომელიც სრულად მის აგრესიულ სახეს წარმოაჩენდა, ეს ვერსია თითქოს ყველა აქამდე არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს; თანაც, ამ სახით წარმოდგენილი Prius-ი ერთდროულად „ანიმესა“ და „ფორსაჟის“ ფილმების პერსონაჟსაც მოგვაგონებს.

წინა მხარეს ავტომობილის მასიური სპოილერი იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ვენტილირებად კაპოტთან და მასიურ, განიერ კორპუსთან ერთად. ამას ალუმინის კორპუსი და Work-ის მბზინავი, 20-ინჩიანი მსუბუქი შენადნობის დისკები ემატება. უკანა მხარეს მოდიფიკაციები ბევრად უფრო ექსტრემალურია: უკანა კართან მიმაგრებულ მაღალ ფრთას გვერდებზე კუთხოვანი ფარფლები აკრავს, ტრანსფორმაცია კი გამოკვეთილი უკანა დიფუზორით გრძელდება. აქვე შეამჩნევთ განახლებულ ექვსკუთხა LED მაშუქებს, რომლებიც მალე სათადარიგო ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება.

თუმცა, ცუდი ამბავი ის გახლავთ, რომ ექსტერიერში მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ავტომობილის შესაძლებლობებით გაკვირვებული კვლავ ვერ დარჩებით. ეს Prius-ის ყველაზე მძლავრი ჰიბრიდული სისტემით მხოლოდ 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი ალბათ ასე დარჩება მანამ, სანამ მწარმოებლები არ გადაწყვეტენ, რომ ძრავის სათანადოდ შეცვლის დრო დადგა.

როგორც მოსალოდნელი იყო, Crystal Eye 60 Prius-ი არც წარმოებაში ჩაეშვება. ეს უნიკალური მოდელია, რომელიც კომპანიებს მხოლოდ ავტომოყვარულთა ყურადღების მისაპყრობად სჭირდებათ. განსაკუთრებით კი — Crystal Eye-ს, რომელიც განათებების მწარმოებელია; ეს Prius-ი კი, თავისი მაშუქებით, მისთვის საკმაოდ კარგი რეკლამა გამოვიდა.

თუმცა, სპეციფიკაციების გათვალისწინებით, ქუჩებში გამოსაყენებლად Crystal Eye 60 Prius-ი სრულიად ლეგალურია, რაც შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შორს არის ის Toyota-ს თავდაპირველი გეგმისგან. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად უხდება Prius-ის მსგავს ეკონომიურ ავტომობილს ასეთი „აგრესიული“ და ექსტრემალური ვიზუალური ტუნინგი? 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები