პოლონეთი სამხედრო ზონებში ჩინურ ელექტრომობილებს კრძალავს | რა არის ამის მიზეზი?
ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, მგრძნობიარე სამხედრო ზონებში ჩინური ელექტრომობილების შესვლა ახლა უკვე პოლონეთმაც აკრძალა. პირველად ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო და ამ საკითხზე შესაბამისი გამოძიებაც დაიწყო.
აკრძალვის მთავარი მიზანი სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვაა, რომლის შეგროვებაც შესაძლოა თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიების — მათ შორის კამერების, რადარებისა და სენსორების — მეშვეობით მოხდეს. შესაბამისად, ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე თავიდან აიცილონ.

ფაქტია, რომ ჩინური ავტომობილები, განსაკუთრებით კი ელექტრომობილები, ევროპის გზებზე სულ უფრო ხშირად გვხვდებიან. მათ შორის პოლონეთშიც, სადაც ჩატარებულმა კვლევამ მსგავსი ტიპის ავტომობილებს მეტსახელიც კი შეარქვა და „სმარტფონები ბორბლებზე“ უწოდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბორტზე დამონტაჟებული ტექნოლოგიები გარემოს სკანირების საშუალებას იძლევა და შეუძლია მგრძნობიარე გეოლოკაციური მონაცემების მოპოვება. ამან კი, ელექტრომობილების სხვა შესაძლებლობებთან ერთად, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ჭკვიან მანქანებს დიდი რაოდენობით მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა აქვთ, რასაც მაღალი გარჩევადობის კამერების, სენსორებისა და LiDAR სისტემების მეშვეობით ახერხებენ. ისინი ამისთვის აქტიურ 3D რუკების ტექნოლოგიას იყენებენ“, — განაცხადა კვლევის ავტორმა პაულინა უზნანსკამ პოლონურ საინფორმაციო სააგენტო PAP-თან და დასძინა, რომ მსგავსი მიდგომით მაღალია რისკი, რომ ეს მანქანები სადაზვერვო ანალიზის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
დასკვნების საპასუხოდ ოფიციალურმა მხარემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გამოიცემა დირექტივა, რომელიც ჩინეთში წარმოებულ მანქანებს ქვეყნის მასშტაბით ყველა სამხედრო ობიექტზე შესვლას აუკრძალავს. ეს ასევე მოიცავს აღნიშნული ობიექტების მიმდებარე ავტოსადგომებსაც.

გაერთიანებული სამეფოს განცხადებით, ჩინურ მხარეს აქვს კანონიერი უფლება, ჰქონდეს წვდომა ჩინური ტექნოლოგიით აწყობილ მანქანებში კამერების, სენსორებისა და რადარის სისტემების მიერ შეგროვებულ მონაცემებზე.
მსგავსი მიდგომის გათვალისწინებით, პოლონეთის აკრძალვა, სავარაუდოდ, გავრცელდება არა მხოლოდ ისეთი ბრენდების მოდელებზე, როგორიცაა BYD, MG, Nio, Xpeng და Aiways, არამედ ნებისმიერ ავტომობილზე, რომელიც აღჭურვილია ჩინეთში წარმოებული პროგრამული უზრუნველყოფით ან სენსორული კომპონენტებით. სამომავლოდ კი, სამხედრო დანადგარების გარდა, შესაძლოა მსგავსი ზომები სხვა სექტორებზეც გავრცელდეს.