ვოლვოს CEO: „5 წელიწადში ელექტრომობილი შიგაწვისძრავიან ავტომობილზე იაფი იქნება“
მაშინ, როცა Ford-ი ელექტრომობილების სეგმენტში დაკარგული 19.5 მილიარდი დოლარის F-150-ების გაყიდვით კომპენსირებას ცდილობს, ოკეანის გადმოღმა Volvo ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე ხმამაღლა საუბრობს.
სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე, შვედური ავტომწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოკან სამუელსონმა ელექტრომობილების მომავალზე ისაუბრა:
„თუ ხუთი წლით წინ გავიხედავ, შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ დროისთვის ელექტრომობილების ფასი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ფასზე ნაკლები იქნება. ახლა ჩვენი კომპანია უფრო შემოსავლიანია, რადგან ელექტრომობილები გვყავს. მართალია, საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ელექტრომობილების მოგების მარჟა დიდი არ არის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამის მიუხედავად, მათ მოგება მოაქვთ", — განაცხადა სამუელსონმა.
CEO-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების გაყიდვით შემოსული მოგების წილი საერთო სურათში მცირეა, სხვა ავტომწარმოებლების უმრავლესობისგან განსხვავებით, ეს Volvo-სთვის წამგებიანი მიმართულება არ არის.
მართლაც, ელექტრომობილების სეგმენტში, ისე როგორც სხვა არაერთ მიმართულებაში, შვედური ბრენდი ინოვაციების დანერგვით გამოირჩევა — კერძოდ, 2027 წლის EX60-ში წარმოების ახლებური მეთოდები იქნება გამოყენებული (მაგალითად, მსხვილგაბარიტიანი ჩამოსხმა). ასევე, EX60-ის ელექტროძრავებს თავად კომპანია აწარმოებს, რაც ავტომობილის აწყობის ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს, ამას კი მომგებიანობის გასაზრდელად ერთ-ერთი ცენტრალური მნიშვნელობა აქვს. 
ვოლვოს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა მყარსხეულიან ბატარეებზეც და აღნიშნა, რომ ინოვაციის ლოდინი კარგს არაფერს მოიტანს და კომპანია უნდა განვითარდეს იმ ტექნოლოგიების პირობებშიც, რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომია:
„ღობის მეორე მხარეს ბალახი ყოველთვის უფრო მწვანეა, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ დალოდების ფუფუნება არ გვაქვს — თუ შეჩერდები, უბრალოდ ბაზარზე აღარ იქნები. ყველაფერი უმჯობესდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დაველოდებით. უნდა დარჩე ბიზნესში და სწავლა გააგრძელო. ჩემი აზრით, მყარსხეულიანი ბატარეების დამკვიდრებამდე ჯერ ძალიან, ძალიან შორია და ფასის კლების პოტენციალი არსებულ ბატარეებსაც აქვთ", — განაცხადა სამუელსონმა.