Prius-ის მძღოლების საჩივარი: ავტომობილის კარი მართვის დროს თავისით იღება
ავტომობილის კარის ელექტროსახელურები დღეს ძალიან პოპულარულია, თუმცა ბოლო დროს მის უსაფრთხოებას ეჭვქვეშაც ბევრი აყენებს. როგორც წესი, პოტენციური საფრთხე იქმნება მაშინ, როდესაც რაიმე ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ავტომობილების შემთხვევაში კი, მსგავსი დეფექტის აღმოჩენისას, შესაბამისი მანქანების უკან გაწვევა ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, Toyota, ამ ეტაპზე კანადაში, თითქმის 20 000 ავტომობილს უკან გაიწვევს. პოტენციური დეფექტი სწორედ ავტომობილის ელექტროსახელურშია აღმოჩენილი — მძღოლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი მართვის დროს თვითნებურად იღება. კანადის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, უკან გაწვევა Toyota-ს 19 399 ერთეულ ავტომობილს ეხება — ყველა მათგანი Prius-ისა და Prius Prime-ის მოდელებია, წარმოებული 2023-დან 2026 წლამდე.
დეფექტი უკანა კარიდან მომდინარეობს, კერძოდ კი: წყლის შეღწევა შესაძლოა ელექტრო კარის გამღები გადამრთველების მოკლე ჩართვის გამომწვევი მიზეზი გახდეს; მოკლე ჩართვის გამო არსებობს შანსი, რომ ავტომობილის გადაადგილებისას კარი მოულოდნელად გაიღოს, რაც აშკარა საფრთხეს ქმნის მგზავრებისთვის. პრობლემა აქაც ის არის, რომ მოკლე ჩართვამ შესაძლოა კარის საკეტი მოწყობილობა ადამიანური ჩარევის გარეშე აამოქმედოს.

Toyota-ს განცხადებით, რისკის შემცირება საინფორმაციო-გასართობი სისტემის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელსაც ავტომატური ჩაკეტვის ფუნქცია აქვს. თუმცა, ამ ფუნქციის გააქტიურებაც კი მგზავრებს 100%-ით ვერ დაიცავს საფრთხისგან.
გამომდინარე აქედან, Toyota ავტომობილების უკან გაწვევას იწყებს. მფლობელები შეტყობინებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. მანქანები სადილეროებში გაიგზავნება, სადაც ინჟინრები უკანა კარის გადამრთველის წრედებს შეცვლიან.