სუბარუ, სუბარუ აუთბექი, სუბარუ ბიარზეტი, სუბარუ იმპრეზა, სუბარუ ფორესტერი, სუბარუ ლეგასი, სუბარუ ანჩართიდი, სუბარუ ტრეილსიკერი
Aa
Aa

Subaru-ს პრობლემები გრძელდება — კომპანიის ფინანსებს მხოლოდ Forester-ი იცავს

2025 წელი Subaru-სთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. აშშ-ის ბაზარზე, რომელიც კომპანიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გაყიდვები 3.6%-ით შემცირდა. ცუდი ტენდენცია კი იაპონურ ავტომწარმოებელს 2026 წელშიც გადმოჰყვა — მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 9.1%-ით შემცირდა და 42 157 ერთეული შეადგინა. 

შემცირებები თითქმის ყველა მოდელს შეეხო — ვარდნას თავი მხოლოდ Forester-მა და BRZ-მა დააღწიეს, თუმცა ეს უკანასკნელი, ალბათ, არ ითვლება... რატომ? იმიტომ, რომ მისი ზრდა 6.3%-ია რაც მხოლოდ 14 ერთეულით მეტ გაყიდულ კუპეს ნიშნავს... 

საბოლოოდ, სუბარუს ავტორიტეტსა და ფინანსებს ამ მომენტში მხოლოდ Forester-ი იცავს, რომლის რესტაილინგმაც მშვენივრად იმუშავა — იანვარში გაყიდვები 22.2%-ით გაიზარდა. სხვათა შორის, მალე მოდელის ჰიბრიდული ვერსიის წარმოების გაფართოებაც დაიწყება, რადგან მცირე ხნის წინ ინდიანას შტატში, ლაფაიეტში, იაპონური ავტომწარმოებლის ახალი ქარხანა ამუშავდა. 

ცხადია, მნიშვნელოვნად, 52.2%-ით დავარდა Legacy-ის გაყიდვებიც, რადგან სუბარუმ მისი გამოშვება 2025 წლის შემოდგომაზე დაასრულა — სადილეროებში ლეგენდარული მოდელის 1000 ერთეულზე ნაკლებიღა შემორჩა... 

ყველაზე მძიმედ კი იანვარში სუბარუს ყველაზე სახელგანთქმული მოდელის საქმეები წავიდა — Impreza-ს გაყიდვები 52.4%-ით შემცირდა, რაც ძალიან უჩვეულოა. კომპანიამ ეს მოულოდნელობა უამინდობით ახსნა და განაცხადა, რომ დიდთოვლობის გამო იმ სადილეროების დიდი ნაწილი, რომელშიც ეს მოდელი იყიდება, დროებით დაკეტილი იყო. 

სხვა, ნაკლებად ცნობილ მოდელებს რაც შეეხებათ, Outback-ზე არჩევანი გასული წლის იანვარზე 23.3%-ით ნაკლებმა, 8 283-მა ამერიკელმა მძღოლმა შეაჩერა — როგორც ჩანს, მოდელის დიზაინის ცვლილებამ არ იმუშავა — შეგახსენებთ, რომ Outback-ი ადრე ფურგონი იყო, ახლა კი ქროსოვერად გარდაისახა. 


მიუხედავად მძიმე სტარტისა, Subaru-ს კალენდარი საკმაოდ დატვირთულია — 2026 წელს ვიხილავთ ახალ ელექტრომობილებს — Trailseeker-სა და Uncharted-ს. შესაბამისად, ჯერ კიდევ არის დრო, იაპონური ავტომწარმოებლის ბოსებმა და გულშემატკივრებმა თითები გადააჯვარედინონ და ბედისწერას საყვარელი კომპანიის გადარჩენა შესთხოვონ.

მსგავსი სიახლეები