ელექტრომობილი, უსაფრთხოება, ბიემვი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ბმვ
Aa
Aa

360°-იანი ხედვის კამერა „გამოწერით“ | BMW ყოველთვიურ გადასახადს აწესებს

ავტომობილის გარკვეული ფუნქციებით სარგებლობისთვის ყოველთვიური გადასახადის შემოღება BMW-სთვის უკვე ტრადიციად იქცა. პირველმა შემთხვევამ, როდესაც 2022 წელს გერმანულმა ავტომწარმოებელმა სავარძლების გათბობისთვის გადასახადის დაწესება სცადა, მომხმარებელში დიდი კრიტიკა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ BMW-მ შეცდომა აღიარა და ეს გადაწყვეტილებაც უკან გაიხმო, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც თავისი იდეის ერთგული რჩება.

ყოველთვიური გადასახადის შემოღებას BMW ახლა უკვე თავის iX3-ებზე გეგმავს. კერძოდ, გერმანული ავტომწარმოებელი მომხმარებელს სთავაზობს, გამოიწერონ ისეთი ტიპის ფუნქციები, როგორიც, მაგალითად, 360-გრადუსიანი კამერა და Driving Assistant Pro პაკეტია. საინტერესოა ისიც, რომ BMW გარკვეულ ბაზრებზე ამ პრაქტიკას უკვე მიმართავს. მათ შორის ავსტრალიაში, სადაც რეალურ დროში გზებზე მოძრაობის ინფორმაციის განახლებები და ადაპტური საკიდარი თვეში 20$ დაგიჯდებათ. მაგრამ გამოწერამდე BMW-ს 1-თვიანი საცდელი პერიოდიც აქვს.

„კრიტიკა, რომელიც თავს დაგვატყდა, სავარძლების გათბობას ეხებოდა. ალბათ, ეს სტარტისთვის საუკეთესო გზა არ ყოფილა“, — განუცხადა პროდუქტის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ალექსანდრა ლანდერსმა Drive-ს. „BMW-ს მოდელებში ყველა ტექნოლოგიური ფუნქცია უკვე შემოთავაზებულია, თუმცა Cloud-ზე დაფუძნებული სერვისებით სარგებლობა კომპანიას დამატებითი თანხები უჯდება. თუ თქვენ მას იყენებთ, უნდა გადაიხადოთ. ყველა მძღოლი როდი თვლის, რომ ისინი საჭიროა, ეს კი მათ საშუალებას მისცემს გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ADAS-ის სისტემა“.

ლანდერსის თქმით, ფუნქციების გამოწერის სახით შეთავაზება მომხმარებლებისთვის მოსახერხებელიცაა. მძღოლებს მათი ყიდვა და დამატება, ასევე განახლება, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. BMW-მ დაადასტურა, რომ ნახევრად ავტონომიური მართვის ფუნქციები თავდაპირველად გერმანიაში დაინერგება და შემდგომ გაფართოვდება სხვა ბაზრებზე.

ამის მიუხედავადაც, ფასიანი განახლებების გარკვეული ტიპების შეთავაზება BMW-მ პირდაპირ გამორიცხა. ავტომწარმოებლის თქმით, მომხმარებლები დისტანციური განახლებების საშუალებით სიმძლავრის ან ბატარეის დიაპაზონის დამატებას ვერ შეძლებენ. ავტომწარმოებელი თვლის, რომ საბაზისო მანქანებმა თავიდანვე უნდა უზრუნველყონ სრული შესრულების შეთავაზება.

„ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენ უკვე მაქსიმალური სიმძლავრის მანქანას ყიდულობთ და ჩვენ ტუნინგის სპეციალისტები არ ვართ. უბრალოდ შეიგრძენით 463 ცხენის ძალა. რატომ უნდა შევზღუდოთ ის და შემდეგ მძღოლებს მასში მეტი გადავახდევინოთ? შეთავაზების ეს სტრატეგია ჩვენთვის ალოგიკური იყო“, — განაცხადა ლანდერსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები