ტოიოტა, მდიდრული, ვი 12, ტოიოტა სენჩერი, სენჩერი კუპე
Aa
Aa

შესაძლოა, Century Coupe V8-ს ნაცვლად, V12 ძრავით აღიჭურვოს

Toyota-ს დრამატული Century Coupe, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ წარადგინეს, მალე სერიულ წარმოებაში ჩაეშვება და, შესაძლოა, ეს გააკეთოს ძრავით რომელსაც არავინ ელოდა... იაპონური მედიასაშუალებების განცხადებით, Century-ის ფლაგმანი GR GT-ის 4-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 ძრავის ნაცვლად, 6-ლიტრიანი, ორტურბინიანი V12 ძრავით აღჭურვილი ჰიბრიდული სისტემით გამოვიდეს.  

თუ ეს სიმართლეა, დადასტურდება იაპონური ავტომწარმოებლის გიგანტის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ Century-სთვის დიდი გეგმები და ამბიციები აქვს. საკითხავია ეს V12 სპეციალურად ამ მოდელისთვის შემუშავდება, თუ რომელიმე არსებულ კონსტრუქციას ისესხებენ. 

თავის მხრივ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა Century-მ V12 გამოიყენა. წლების განმავლობაში, სედანი კომპანიის მიერ წარმოებული თორმეტცილინდრიანი ძრავით გადაადგილდებოდა, სანამ Toyota არ გადაწყვეტდა, რომ 2018 წელს გამოშვებულ, მე-3 თაობის G60-ში ჰიბრიდული V8 უფრო ხელსაყრელი იქნებოდა — ეს ძალური აგრეგატი 425 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 

Mag X-ის ცნობით, შესაძლებელია, აღნიშნული ძრავის შესაქმნელად, კომპანიამ BMW-ის ტურბოჩაბერვის მქონე, 3-ლიტრიანი, ერთრიგა ექვსცილინდრიანი ძრავი აიღოს და ტყუპისცალთან შეაერთოს. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება — პირველ რიგში, ამას BMW-ის თანხმობა დასჭირდება და, გარდა ამისა, ეს უცნაური ნაბიჯი იქნებოდა ბრენდისთვის, რომელიც დამოუკიდებელი იდენტობის შექმნას ცდილობს. ამავე ცნობებით, Toyota კუპეს თავისი სრული ამძრავობის E-Four სისტემით აღჭურვავს, თუმცა გადაცემათა კოლოფის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 

პროტოტიპი და სერიული მოდელი

Century გასაიდუმლოებულად ტოვებს მოდელის დიზაინსაც — სავარაუდოდ, ის გასული წლის ოქტომბერში წარდგენილი პროტოტიპისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, თუმცა გარკვეული დეტალები მაინც შეიცვლება. მაგალითად, შავი ფერის ბორბლის თაღები და მაღალი კლირენსი, დიდი ალბათობით, შეიცვლება, რადგან ავტომობილი SUV-ს ზედმეტად ემსგავსება. 

უნდა ველოდოთ ცვლილებებს ინტერიერშიც — კონცეპტი ორადგილიანი იყო, სერიული მოდელი კი, ალბათ, სტანდარტულად ოთხადგილიანი იქნება. 

არაფერი ვიცით ფასის შესახებაც, თუმცა მოსალოდნელია, რომ Century Coupe შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და ფასიც შესაბამისი ექნება — 200 000-დან 500 000 დოლარამდე. ეს ფასი ტოიოტას შვილობილი ბრენდის მოდელს ისეთი მდიდრული მოდელების გვერდით დააყენებს, როგორებიც Bentley Continental GT ან Rolls-Royce Wrath არიან.

ცხადია, ტოიოტა მხოლოდ ფასსა და მდიდრულობაში შეჯიბრებას არ აპირებს — იაპონური გიგანტი გეგმავს, რომ გამძლეობის მიმართულებით თავის რეპუტაციას არც ახლა უღალატოს და მდიდრულთან ერთად, ზეგამძლე ავტომობილიც შექმნას — ამ პარამეტრით კი ხშირად სეგმენტის წარმომადგენლები ვერ დაიკვეხნიან. 

Century Coupe-ის წარმოება 2027 წელს დაიწყება — როგორ ფიქრობთ, აჯობებს იაპონური მოდელი დასავლელ კონკურენტებს?

მსგავსი სიახლეები