Honda-ს ახალი სტრატეგია: ძრავის დისტანციური სტარტერი იაპონიაში ცალკე გაიყიდება
წლების განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძრავის დისტანციურად დაქოქვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სხვა თუ არაფერი, ეს ფუნქცია Honda-ს თითქმის ყველა ახალი თაობის მოდელში იყო შემოთავაზებული და, რა თქმა უნდა, მძღოლებიც მასზე წვდომას უსასყიდლოდ იღებდნენ.
იაპონიაში კი საქმე სრულიად განსხვავებულადაა. Honda-მ ახლახან „ძრავის დისტანციური სტარტერი“ გამოუშვა, როგორც დამოუკიდებელი აქსესუარი და, შესაბამისად, მისი ცალკე გაყიდვაც დაიწყო.

ახალი მოწყობილობა Honda-ს იაპონური ხაზის ფართო სპექტრთანაა თავსებადი. მათ შორისაა: ახალი Prelude, Civic-ი, ZR-V, Vezel-ი, WR-V, Odyssey, Step WGN, Freed-ი, Fit-ი, N-Box-ი, N-WGN და N-One. თუმცა არსებობს შეზღუდვაც: აქ ჩამოთვლილი მოდელების უმრავლესობა, თავსებადი ავტომობილების კატეგორიაში მოსახვედრად, ასაწყობი ხაზიდან სულ ახლახან უნდა იყოს გამოსული.
ამის მიუხედავად, Honda სრულიად ახალ მანქანებზე მკაცრ ლიმიტებს არ აწესებს. გვაქვს გამონაკლისებიც, მათ შორის Vezel-ის (ევროპული HR-V-ის იაპონური ვერსია) სახით, რომლისთვისაც ახალი მოწყობილობა 2021 წლის აპრილიდან წარმოებული ყველა ერთეულისთვისაა ხელმისაწვდომი.
Honda-ს ახალ აქსესუარს გასაღების ფორმა და დიზაინი აქვს, სპეციალური Start და Stop ღილაკებით, ჩაშენებული LED ნათურებითა და ხმოვანი ზუმერით, რომელიც ადასტურებს, დაიქოქა თუ არა მანქანა ან დაცლილია თუ არა აკუმულატორი.
ძრავის დაქოქვის გარდა, სისტემა ისეთ ფუნქციებსაც ააქტიურებს, როგორიცაა: კლიმატკონტროლი, გათბობა და ა.შ. (ავტომობილის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე). მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს მუშაობის ხანგრძლივობა — 10, 20 ან 30 წუთი, რაც განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ჩრდილოეთ იაპონიის მცხოვრებლებისთვის.
Honda Access-ის ძრავის დისტანციური სტარტერი იაპონიაში 33 000 იენადაა ხელმისაწვდომი, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 210 აშშ დოლარია. თუმცა მას დამატებითი კომპონენტებიც სჭირდება, რაც მის ღირებულებას ჯამში 250 აშშ დოლარამდე ზრდის.