ტოიოტა, ტუნინგი, იაპონია, მდიდრული მანქანები, ტოიოტა სენჩერი
Aa
Aa

მანქანა, რომელშიც იაკუძას ბოსი უნდა იჯდეს — Toyota Century Tom's Edition

Toyota Century, ალბათ, ყველაზე დიდებული მდიდრული სედანია, რომლის შემოთავაზებაც იაპონურ ავტოინდუსტრიას შეუძლია — ერთი შეხედვით, მანქანას არაფერი აკლია, შიგნით იაკუძას ბოსის გარდა, თუმცა ამას Tom's Racing-ი არ შეუჩერებია და მოდელის როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი საგრძნობლად გარდაქმნა.

თავდაპირველად Century Tom's Edition-ი 2020-ში გამოჩნდა, ახლა კი გაუმჯობესებული დიზაინებით დაგვიბრუნდა. ტუნერმა რამდენიმე დღის წინ ავტომოყვარულებს მოდიფიცირებული Emperor's Ride-ის ქუჩაში გადაადგილებისას გადაღებული ფოტოები გაუზიარა — შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.


Tom's Edition-მა Century-ს მკაცრ დიზაინს სპორტული აქცენტები შემატა — წინა და უკანა ბამპერების გაგრძელებები, სპოილერი უკანა საბარგულზე და ა.შ. გამორჩეული ცვლილება კი Tom’s Barrel Exhaust-ია — ოთხი უკანა გამოსაბოლქვი მილის ნაკრები.

პირველად პროტოტიპს 2020 წლის ტოკიოს ავტოშოუდან 21-დუიმიანი დისკები ჰქონდა, ახალი დიზაინი კი BBS RZ-D-ის ნაჭედი 18, 19 ან 20-დუიმიანი დისკებით აღიჭურვება, რომლებიც თუთიისა და მაგნიუმის შენადნობისგან დამზადდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვერცხლისფერ, ისე შავ ფერებში. 


ცხადია, შეცვლილია ინტერიერიც — Tom's-მა სავარძლებისა და კარის პანელების შესაცვლელად Nappa-ს ტყავი გამოიყენა (სურვილისამებრ, არჩევანი შეიძლება გაკეთდეს თეთრსა და შავ ტყავს შორის). ხის დეტალები ადგილზე რჩება, თუმცა ის ალკანტარას აქცენტებით დამშვენდა.

ტუნერის განცხადებით, თითოეული მეორადი Century პროექტისთვის დიდი სიფრთხილით შეირჩა — არც ერთ მათგანს წარსულში მძიმე სტრუქტურული ზიანი არ მიუღია. თავდაპირველი ინსპექციის შემდეგ, შეიცვალა თითოეული გაცვეთილი დეტალი, რის შემდეგაც მანქანებმა ინსპექცია Toyota-ს დილერებთან გაიარეს, რათა მომავალმა მყიდველებმა გარანტიები მიიღონ.  

კაპოტის ქვეშ სედანმა შეინარჩუნა ტრადიციული 5-ლიტრიანი, ჰიბრიდული V8. შესაბამისად, ის, როგორც სტანდარტული მოდელი, 425 ცხ.ძ-სა და 510 ნიუტონს გამოიმუშავებს. 

Tom's-ს შეუძლია, აღნიშნული განახლებები ჩაუტაროს თქვენს მფლობელობაში არსებულ Century-საც — ეს სერვისი 61 500$ ღირს, ხოლო უკვე განახლებული მოდელის შეძენა 194 000 დოლარადაა შესაძლებელი, რაც მეორადი Century-ს საშუალო ფასზე ბევრად ძვირია. 

Toyota-მ მცირე ხნის წინ Century-ის იაპონური ბაზრისთვის 2026 წლის მოდელიც წარადგინა, რომლის ფასიც 147 700$-დან იწყება. 

იხილეთ ვიდეო Century-ის შემოქმედ ავტომწარმოებელზე:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები