გაყინული Honda Civic-ი Google Maps-ზე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა
აშშ-ის შტატების ნაწილში ცივ ზამთარს თან უხვი ნალექი და ყინვები ახლდა, შედეგად კი გზები თოვლითა და ყინულით დაიფარა. არამდგრადმა ამინდებმა, რა თქმა უნდა, პრობლემები გზებზეც შექმნა, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე შედარებით განსხვავებულ ისტორიასთან გვაქვს.
საქმე იმაშია, რომ ფილადელფიაში, ერთ-ერთ უბანში გაჩერებული Honda Civic-ი უამინდობის დროს ყინულის ძეგლად იქცა და სწრაფად გახდა პოპულარული როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. თქვენ წინაშე 2016 წლის Civic-ია. ავტომობილი მფლობელმა ქარბუქის დროს თავის სახლთან ახლოს გააჩერა, თუმცა, როდესაც უკან დაბრუნდა, თავისი Honda Civic-ი მთლიანად ყინულში მოქცეული დახვდა.

როგორც ადგილობრივებმა მედიასთან განაცხადეს, მანქანის გაჩერების ადგილთან ახლოს წყლის მილი გასკდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია ავტომობილის ყინულის ლოდად ქცევა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, რადგან დაზუსტებით კვლავ არავინ იცის, თუ რა მოხდა.
ეს უცნაური ისტორია TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და მალევე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან მილიონობით ნახვა დააგროვა. ბევრი ავტომობილს სანახავადაც კი ეწვია. რეალურად, Civic-მა იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ის Google Maps-ზე ტურისტულ ატრაქციონადაც კი მონიშნეს.

გაყინული Honda-ს კარის გაღება მფლობელმა მეგობრის დახმარებით შეძლო, თუმცა ავტომობილის შიგნითაც არანაკლებ სავალალო მდგომარეობა დახვდა. როგორც თავად ამბობს, „ყველგან წყალი იყო“ და გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა. ავტომობილი საბოლოოდ ყინულისგან გაათავისუფლეს, თუმცა, სავარაუდოდ, მისი აღდგენა ვეღარ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მფლობელს სადაზღვევო კომპანიაში განუცხადეს, რომ ეს შემთხვევა ფაქტობრივად მანქანის „ჩამოწერის“ (გატოტალების) ტოლფასია.