საგზაო ნიშნები, ავტოსაგზაო შემთხვევა, უცნაური, ავარიები
Aa
Aa

თურქეთის ქალაქი გამაფრთხილებელ ნიშნებად რეალურ მანქანებს იყენებს

თურქეთის აღმოსავლეთით, ერზურუმის პროვინციაში, მთავარ გზატკეცილზე მოძრავი მძღოლები უჩვეულო სანახაობას აწყდებიან. გზის პირას გამაფრთხილებელი ნიშნების როლს რეალური, თუმცა ავარიული ავტომობილები ასრულებენ.

რეგიონის მთავარ მარშრუტებზე განადგურებული და ჩამოწერილი ავტომობილების განთავსება საგზაო უსაფრთხოების ინიციატივის ნაწილია. ინიციატივის მიზანი მძღოლებისთვის იმ რეალური შედეგების ჩვენებაა, რომლებიც მათ დაუფიქრებელ და უპასუხისმგებლო მართვასა და გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს — იქნება ეს დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა თუ არასაჭირო ადგილას გადასწრება.

ინიციატივის ავტორი საგზაო მოძრაობის მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტია. ავარიების შედეგად განადგურებული ავტომობილები დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის ბოძებზეა განთავსებული, რათა მძღოლებმა მათი დანახვა და აღქმა მარტივად შეძლონ. ავტომობილებზე კი სხვადასხვა ამკრძალავი ნიშანია მიმაგრებული ავარიების გამომწვევი მიზეზის მიხედვით. მათ შორისაა: სიჩქარის შეზღუდვა, მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის აკრძალვა და ა.შ.

გზავნილი მარტივია: აი, რა შეიძლება მოხდეს, თუ თქვენ ამ შეზღუდვებს არ გაითვალისწინებთ. სწორედ ამიტომ, ავტომობილების ინსტალაციები მაღალი რისკის მქონე მაგისტრალებზეა განთავსებული, სადაც საგზაო ინციდენტების ალბათობა ყველაზე მაღალია.

დაზიანებული მანქანების ამ მარშრუტებზე განთავსებით ადგილობრივი მმართველობა იმედოვნებს, რომ შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. მათივე განცხადებით, მიზანი მძღოლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რომლის მიღწევაც მხოლოდ სტანდარტული ნიშნებით შეუძლებელია. კამპანია, რომელიც დაახლოებით 2024 წლის დასაწყისში დაიწყო, 2026 წელსაც გრძელდება და სამომავლოდ მისი გაფართოებაც იგეგმება.

თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად ამართლებს მსგავსი პრაქტიკა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები