Toyota-ს უარი ეპსტინს: მოდელები, რომელთა ყიდვასაც ფინანსისტი ამაოდ ცდილობდა
გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის საქმე და მასთან დაკავშირებული ფაილები, რომლებიც არაერთ ცნობილ პირთან მის კავშირს ავლენს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. გამოძიების ფარგლებში, ეპსტინის საქმეზე ელექტრონული ფოსტის არაერთი შეტყობინებაც გამჟღავნდა, რომელთაგან ერთ-ერთში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების იმპორტზეა საუბარი.
როგორც მიმოწერიდან ირკვევა, სექსუალურ შევიწროებასა და არასრულწლოვანთა და ქალთა ტრეფიკინგში ბრალდებული ეპსტინი აშშ-ში რამდენიმე მოდელის შეყვანას განიხილავდა. მათ შორის, 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, ეპსტინი Toyota Century-ს შეძენით იყო დაინტერესებული.

რა თქმა უნდა, ეპსტინს ამისთვის საჭირო კავშირებიც ჰქონდა და წინადადებით Toyota-ს წარმომადგენლებსაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო. მას განუცხადეს, რომ ამერიკაში Century-ს შეყვანისთვის ავტომობილს ადგილობრივი რეგულაციები უნდა დაეკმაყოფილებინა, ცვლილებების ფართო სერია კი ძალიან მაღალ ხარჯებს მოითხოვდა და კომპანიას მხოლოდ ერთი ავტომობილის მიწოდება არ უღირდა.
უარის მიღების შემდეგ, ეპსტინს დილერის პოვნა თავისმა თანამოაზრემ შესთავაზა, რომელიც, მისი თქმით, აშშ-ში გაგზავნამდე Century-ს მოდიფიცირებას შეძლებდა ისე, რომ მას ფედერალური უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაეკმაყოფილებინა.

თუმცა Century-ს განხილვამდე, ეპსტინი Hyundai Equus-ის ლიმუზინის შეძენითაც იყო დაინტერესებული. მან თავის თანამშრომელს ჰკითხა, იყო თუ არა ეს მოდელი ნიუ-იორკში ხელმისაწვდომი ან შეძლებდა თუ არა მის იმპორტს. საუბარში ის სხვა მოდელებსაც შეეხო, მათ შორის იყო: Chevrolet Express, Nissan NV და Ford Transit, ასევე Maybach-ისა და Rolls-Royce-ის მოდელები.