პიკაპი, ფორდი, ჯიმ ფარლი, ფორდ მევერიკი
Aa
Aa

Ford კიდევ ერთ ბიუჯეტურ პიკაპს გამოუშვებს — Maverick-ი საკმარისი არ არის

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სტატისტიკას დაეყრდნობით — ფაქტია, რომ ამერიკულ საავტომობილო ბაზარს უფრო იაფი მოდელები სჭირდება. ოფიციალურად, აშშ-ში ახალი მანქანის შეძენა 20 000$-ზე იაფად აღარ არის შესაძლებელი და მეტიც, 30 000$-ზე იაფად სულ რამდენიმე მოდელის შეძენაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი კი მცირეგაბარიტული პიკაპების სეგმენტის მეფე, Ford Maverick-ია. 

სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ, ამერიკული ავტომშენებლობის გიგანტს დიდი გეგმები აქვს — Ford-ი 2030 წლამდე 40 000$-ზე იაფიან 5 მოდელს გამოუშვებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი შიგაწვისძრავიანი, „ხელმისაწვდომი“ პიკაპიც იქნება. საინტერესო კი ის არის, როგორ წარმოუდგენია „ლურჯ ოვალს“ Maverick-ისა და ახალი ბიუჯეტური პიკაპის თანაარსებობა.  

აქამდე ვიცოდით ისიც, რომ კომპანია სრულად ელექტრო პიკაპზე მუშაობდა, რომელიც ბიუჯეტურობით ჩინურ ელექტრომობილებსაც გაეჯიბრება — ეს იდეა ფორდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, Model T-ს გამოშვებასაც კი შეადარა. ერთი სიტყვით, ახლო მომავალში ბრენდისგან დიდ სიახლეებს ველით. 

თუ Ford-ისა და მისი ამ ლეგენდარული მოდელის ისტორიას არ იცნობთ, შეგიძლიათ ჩვენი ვიდეო იხილოთ:

Ford-ის ფინანსურმა დირექტორმა, შერი ჰაუსმა Wolfe Research Conference-ზე განაცხადა, რომ შიგაწვისძრავიანი მოდელების წარმოება ტენესიში, სტენტონში მდებარე ახალ ქარხანაში დაიწყება. თავდაპირველად, ამ გეგმის შესახებ დეკემბერში გავიგეთ, მოგვიანებით კი როცა აშშ-ის პრეზიდენტი მიჩიგანის სატვირთოების ქარხანას ეწვია, ფარლიმ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი არსებული ქარხანა გაფართოვდებოდა და იქ „განსხვავებული სატვირთოების“ წარმოება დაიწყებოდა. სავარაუდოდ, აღმასრულებელი დირექტორი Maverick-ის ახალ თაობას არ გულისხმობდა.  

ასეა თუ ისე, როგორც აღინიშნა, Maverick-ი კომპაქტური სატვირთოების სეგმენტში უკონკურენტოა და მალე ამ სივრცეში, შესაძლოა, ერთადერთიც კი იყოს, რადგან კონკურენციას Hyundai-ს პოპულარულმა მოდელმა Santa Cruz-მა ვერ გაუძლო და კორეული ბრენდი მის წარმოებას აჩერებს. სხვა, უფრო დიდ ბრენდებს კი სეგმენტში შებიჯება არ უღირთ — ის ზედმეტად მცირეა. 

ამის გათვალისწინებით, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა ტიპის პიკაპი იქნება ახალი მოდელი — Maverick-სა და Ranger-ს შორის სივრცე ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ იქ განსხვავებული გაბარიტების ავტომობილი ჩაეტიოს. დიდი ალბათობით, დამატებით სიახლეებს მალე გავიგებთ. 

მსგავსი სიახლეები