საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 5-წლიან მინიმუმზეა
2026 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოდან 100.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (3 730 ერთეული) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 129.9 მლნ აშშ დოლარს (5 569 ერთეული) აღწევდა.
უფრო კონკრეტულად, თუ სტატისტიკური მონაცემებით ვიმსჯელებთ, წლიურ ჭრილში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 22.5%-იანი შემცირება განიცადა და ახლა 5-წლიან მინიმუმზეა. ბოლოს ქვეყნიდან ამაზე ცოტა ღირებულების ავტომობილის რეექსპორტი 2022 წლის იანვარში განხორციელდა, 36.439 მლნ აშშ დოლარის.
5 ძირითადი ბაზარი, სადაც მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილები რეექსპორტზე გავიდა, ასე გამოიყურება:
- ყირგიზეთი - 47.831 მლნ აშშ დოლარი (1 409 ერთეული);
- ყაზახეთი - 23.498 მლნ აშშ დოლარი (1 119 ერთეული);
- აზერბაიჯანი - 10.201 მლნ აშშ დოლარი (338 ერთეული);
- ტაჯიკეთი - 4.947 მლნ აშშ დოლარი (268 ერთეული);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 4.155 მლნ აშშ დოლარი (12 ერთეული).