ევროკავშირი, რეგულაციები, ფორდი, ფორდ ტრანზიტი, გაერთიანებული სამეფო, ფორდ კურიერი, თურქეთი
Aa
Aa

ფორდი ამტკიცებს, რომ თურქეთში აწყობილ ავტომობილებს ევროკავშირის რეგულაციები არ უნდა შეეხოს

ევროკავშირს ადგილობრივი წარმოების წახალისება ახალი — „დამზადებულია ევროპაში“ სტრატეგიით სურს. საპირისპიროდ, Ford-ში ფიქრობენ, რომ განახლებული კანონმდებლობა გადახედვას საჭიროებს. ამერიკული ავტომწარმოებლის აზრით, კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგულაციის ფარგლებში გაერთიანებული სამეფო და თურქეთიც უნდა მოექცნენ — მართალია, არც ერთი მათგანი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ორივე ქვეყანა ევროპული წარმოების ჯაჭვების ძირძველი რგოლია. 

მიმდინარე თვის დასაწყისში ევროპის მასშტაბით 1100-მა ბიზნესმენმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მოაწერა ხელი სტატიას, რომელიც ადგილობრივი წარმოების პროდუქტების წახალისებას ეხებოდა. შეთავაზება, რომელიც Industrial Accelerator Act-ის (ინდუსტრიული აჩქარების აქტი) სახელითაა ცნობილი, მიზნად ისახავს იმას, რომ ევროკავშირში წარმოებულმა პროდუქციამ ბევრად დაბალფასიან იმპორტს კონკურენცია გაუწიოს.

ამ ინიციატივიდან მალევე, Ford-ის ევროპული მიმართულების პრეზიდენტმა, ჯიმ ბაუმბიკმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ „წარმოებულია ევროპაში“ ზედმეტად ვიწრო განსაზღვრებაა და არ მოიცავს თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოს. 

„Ford-ი მხარს უჭერს ევროპის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას, თუმცა დაგეგმილი წესები უნდა იყოს ღია და ხელმისაწვდომი ისეთი საიმედო პარტნიორების მიმართ, როგორებიც გაერთიანებული სამეფო და თურქეთი არიან. ჩვენი ევროპული ქარხნები ამ ორ ქვეყანაში მდებარე საწარმოო ჯაჭვებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული და ამ კავშირებს გაწყვეტა თავად ევროკავშირში წარმოებას შეასუსტებს", — განაცხადა მან Daily Sabah-თან საუბარში.

ფორდი თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოს თავისი ევროპული საწარმოო ხაზის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს, რადგან აქ საკმაოდ ბევრ ავტომობილს აწარმოებს — ეს არ არის ნომინალური ყოფნა, ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქტი გლობალური ქსელის ნაწილია.

გაერთიანებულ სამეფოში დაგენჰემისა და ჰეილვუდის ქარხნები დიზელის ძრავებს, გადაცემათა კოლოფებსა და ელექტროძრავებს აწარმოებს. თურქეთში ბრენდი ადგილობრი პარტნიორ Koç Holding-თან ერთად აწარმოებს ისეთ პოპულარულ სატვირთოებს, როგორებიც Transit-ი, Transit Custom-ი და Courier-ი არიან. 

ფორდის შეშფოთებას იზიარებენ თურქი პოლიტიკოსებიც:

„ფაქტი, რომ ევროპა თავის ინდუსტრიას აძლიერებს, გასაგებია... თუმცა, ჩვენ ვერ მივიღებთ სცენარს, სადაც თურქეთი, რომელიც ევროპულ ინდუსტრიაში 30 წელია ინტეგრირებულია და რომელსაც ძლიერი საწარმოო შესაძლებლობები აქვს, ამ მიდგომის გამო განზე დარჩეს“, — განაცხადა  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები