Porsche სტრატეგიას ცვლის: ახალი SUV K1 შიგაწვის ძრავებითაც გამოვა
ერთ დროს ძვირადღირებული სუპერქარების გერმანული მწარმოებელი Porsche სრულ ელექტრიფიკაციაზე იყო ორიენტირებული და ამბიციური გეგმაც ჰქონდა, რომელიც EV-ების ფართო სპექტრის შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა, ელექტრომობილებზე მოთხოვნამ მოლოდინი არ გაამართლა, რის გამოც კომპანიამ სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა.
თავდაპირველი გეგმით, Porsche-ს უახლესი SUV, სახელწოდებით K1, სრულად ელექტრო უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც Autocar-ი წერს, ამ მოდელისთვის გერმანული ავტომწარმოებელი V6 და V8 ძრავის ვერსიებს ამზადებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ K1 შასის Audi-ს მომავალ Q9-თან გაიზიარებს და ბენზინზე მომუშავე კონფიგურაციებსაც შემოგვთავაზებს.

სრულად ელექტრო მასშტაბირებად პლატფორმაზე მუშაობის ნაცვლად, K1-ში Volkswagen Group-ის მიერ შემუშავებულ Premium Platform Combustion (PPC) არქიტექტურას ვიხილავთ. ეს ცვლილება ინჟინრებს მეტ თავისუფლებას მისცემს: ხელმისაწვდომი იქნება 5- და 7-ადგილიანი განლაგება, ასევე ტრადიციული ბენზინისა და ჰიბრიდული ძრავები.
Porsche ახალ მოდელში, სავარაუდოდ, უკვე არსებული 3-ლიტრიანი V6 და 4-ლიტრიანი V8 ძრავების გამოყენებას განიხილავს. სიმძლავრე, წესით, Porsche Cayenne-ის ხაზის იდენტური უნდა იყოს, რაც მოდიფიკაციის მიხედვით, დაახლოებით 350-დან 730 ცხენის ძალამდე მერყეობს.

კომპანიის ეს გადაწყვეტილება ემთხვევა აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმის მიერ სექტემბერში გაკეთებულ განცხადებას. ბლუმმა აღიარა, რომ K1-ის შიგაწვის ძრავით აღჭურვა ბევრად უკეთ პასუხობს ბაზრის რეალობასა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. თუმცა, ელექტროვერსიის გამოშვება სამომავლოდ კვლავ არ გამოირიცხება.