ჩინეთი რეკორდული დიაპაზონის მქონე მყარსხეულიან ბატარეებს უშვებს
მყარსხეულიანი ბატარეები მწარმოებელთა დიდი ნაწილის მიერ ელექტრომობილების მომავლად მიიჩნევა, რომელსაც ბევრი არსებული პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ისინი ბევრად დიდ დაფარვის დიაპაზონსა და სწრაფ დამუხტვას გვთავაზობენ, ამავდროულად კი ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას უწყობენ ხელს.
გასაკვირი არ არის, რომ მყარსხეულიანი ბატარეების განვითარებაში ჩინური ავტომწარმოებლები მნიშვნელოვან დროით და ფინანსურ რესურსს დებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი ფირმა, Changan-ი, მსგავსი ტიპის ბატარეების რობოტებსა და ელექტრომობილებზე დამონტაჟებას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყებს, ხოლო მასობრივ წარმოებაში მათ 2027 წლიდან ჩაუშვებს.

ჩინური მედიის ცნობით, Changan-ის ახალ მყარსხეულიან ბატარეას 400 ვტ.სთ/კგ ენერგიის სიმკვრივე ექნება, რაც ელექტრომობილებს ერთი სრული დამუხტვით 1 500-ზე მეტი კილომეტრის გავლას შესაძლებლობას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის მტკიცებით, ეს რიცხვები გადაჭარბებულია, გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის Changan-ი შესაძლოა ერთ-ერთ მოთხოვნად მოდელადაც იქცეს.
ახალ აკუმულატორს „ოქროს ზარი“ (Golden Bell) ეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვერსია სტანდარტულ ვარიანტებზე 70%-ით უსაფრთხო იქნება, რადგან დისტანციური დიაგნოსტიკისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. როგორც ჩანს, საქმე „ჭკვიან“ აკუმულატორებთან გვექნება.

Changan-ი თავის უახლეს პროდუქტს მყარსხეულიანი ბატარეების მწარმოებელი ახალი ბრენდის, Jingzhongzhao-ს სახელით გამოუშვებს. ეს ბრენდი ჩინურმა ავტომწარმოებელმა მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა. კომპანია მყარსხეულიანთან ერთად თხევად და ნახევრად მყარი მდგომარეობის აკუმულატორების წარმოებასაც გეგმავს.