პროექტი, ბიემვი, ბიემვი ი8, ბმვ ი8
Aa
Aa

BMW i8 დამსახურებულ სიმძლავრეს მიიღებს | „იუთუბერი“ მოდელში 6-ცილინდრიანი ძრავის განთავსებას გეგმავს

BMW i8 შესაძლოა ვიზუალურად სუპერქარს ჰგავს, თუმცა მისი მონაცემები ავტომობილის გარეგნულ მხარეს დიდად ვერ შეესაბამება. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ეს მოდელი 1.5-ლიტრიანი ტურბოჩარჯერიანი ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომლის ჯამური სიმძლავრეც ბოლო თაობის მოდელებში 360 ცხენის ძალას აღწევდა.

BMW-ის ამ „შეცდომის“ გამოსწორება საკუთარ თავზე იუთუბერმა ტრევორ ილამმა აიღო და გადაწყვიტა, ჰიბრიდული აგრეგატი BMW B58 ტიპის, 3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით ჩაანაცვლოს. პროექტი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ილამი გეგმავს, ყოველი შემდგომი ნაბიჯი გამომწერებს YouTube-არხის საშუალებით გაუზიაროს.

პირველ ვიდეოში ილამმა i8-ს ქარხნული ძრავა მოხსნა. სამუშაოები მოიცავს აკუმულატორის ამოღებას სავარძლებს შორის არსებული სივრციდან (გადაცემათა კოლოფის გვირაბისთვის ადგილის გასათავისუფლებლად) და ავტომობილისთვის ახალი „ჩარჩო“ დიზაინის შექმნას.

ილამის მიერ შერჩეული 6-ცილინდრიანი ძრავა ავტომობილის წინა მხარეს განთავსდება — იქ, სადაც BMW-მ ქარხნულად ელექტროძრავა მოათავსა. B58 აღებულია 2017 წლის BMW 340i xDrive-დან და წინა ბორბლების ღერძის უკან უნდა განთავსდეს. სედანში ეს 3-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა 320 ცხენის ძალასა და 450 ნიუტონ-მეტრს (330 lb-ft) გამოიმუშავებდა, თუმცა „იუთუბერის“ მიზანი მისი სიმძლავრის 700 ცხენის ძალამდე გაზრდაა.

რთული სათქმელია, როგორ იმოქმედებს ახალი ძრავა BMW-ის ამ მოდელის წონის გადანაწილებასა და მართვადობაზე, თუმცა ჰიბრიდული სისტემის დემონტაჟი აპარატურული მოდიფიკაციებისთვის საკმარის ადგილს ათავისუფლებს. თუ ილამი პროექტს სისრულეში მოიყვანს, ჩვენ მივიღებთ i8-ს ნამდვილი სუპერქარის ვიზუალითა და შესაბამისი შესაძლებლობებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები