Subaru-ს განცხადებით, STI არ მომკვდარა და ახალი მოდელი აუცილებლად გამოვა
ბოლო ჭეშმარიტმა Subaru WRX STI-მ 2021 წელს დაგვტოვა და იაპონური ბრენდის პერფორმანსზე ორიენტირებულ ხაზში გიგანტური სიცარიელე დატოვა. მას შემდეგ, ავტომწარმოებლის გულშემატკივრები რაღაც ახალს ელიან, რაც, როგორც ჩანს, არც ისე უსაფუძვლო მოლოდინია, რადგან კომპანიის განცხადებით, პერფორმანსის მიმართულება არ მომკვდარა და დახურულ კარს მიღმა მრავალი სიახლე მზადდება.
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, იაპონელ მომხმარებელს უწევდა, WRX-ის, Levorg-ისა და Forester-ის STI Sport გამოშვებებს დასჯერებოდა — სამივე მათგანი მშვენიერი მანქანაა, თუმცა ისეთ ინტერესს არ აღძრავს, როგორიც 2025 წელს ტოკიოს ავტოშოუზე გამოჩენილმა STI პროტოტიპებმა აღძრეს.
The Drive-თან ინტერვიუში Subaru Australia-ს გენერალურმა მენეჯერმა, სკოტ ლოურენსმა სწორედ ამ კონცეპტებსა და STI სუბ-ბრენდის მიმართულებაზე ისაუბრა:
„უკუკავშირი საკმაოდ აქტიური იყო — STI-სთან დაკავშირებული სიახლეებისა და აქტივობების მიმართ ინტერესი მაღალი ტემპით იზრდება. მას Subaru-ს ბანაკში ყველაზე აქტიური მხარდამჭერები ჰყავს. როგორც ამ პროტოტიპებმა აჩვენა, მუშაობა გრძელდება და STI მკვდარი არ არის“, — განაცხადა ლოურენსმა.
აღნიშნული კონცეპტების მზის შუქზე გამოტანა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა — ენთუზიასტების ინტერესის შეფასებასა და, რაც ყველაზე მთავარია, მომდევნო მოდელისთვის ნიადაგის მომზადებას. სრულად ელექტრო Performance-E STI Subaru-ს ამჟამინდელი ხაზიდან არც-ერთ მოდელს არ ჰგავს, ხოლო Performance-B STI, ერთი შეხედვით, Impreza-ს გადაკეთებული, უფრო დაკუნთული ჰეჩბექია.
თავდაპირველად, Subaru მიანიშნებდა, რომ ფანები გადაწყვეტდნენ, რომელი პროტოტიპი იხილავდა სერიულ წარმოებას — როგორც ჩანს, იაპონური ბრენდის დემოკრატია მოჩვენებითი იყო, რადგან, არსებული ცნობებით, ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო Performance-B ჯერჯერობით პროტოტიპად დარჩება.
აღსანიშნავი კი ის არის, რომ როცა გულშემატკივრები ახალ STI-ს ელიან, Trailseeker-ი, Outback-ის ელექტრო ალტერნატივა, ბრენდის ყველაზე სწრაფი მოდელი გახდა. ორი ელექტროძრავით აღჭურვილი ქროსოვერი 375 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე 4.4 წამში ჩქარდება. 