მძღოლის დამხმარე სისტემები, სუბარუ, სუბარუ აუთბექი, ტექნოლოგიები
Aa
Aa

Subaru 2026 წლის Outback-ს მძღოლის დამხმარე ახალი სისტემებით აღჭურავს

Subaru Ford-ის BlueCruise-სა და GM-ის Super Cruise-ს საკუთარი Highway Hands-Free Assist სისტემით შეებრძოლება — მძღოლის დამხმარე სისტემას იაპონური ავტომწარმოებელი 2026 წლის Outback Touring-სა და Touring XT-ში გამოიყენებს. მათთვის, ვინც ამ მოდელს უკვე ფლობს, განახლება უფასო იქნება.

როგორც ტექნოლოგიის სახელი ამბობს, სისტემა სუბარუს მფლობელებს მისცემს საშუალებას, ავტომობილის მართვა გზატკეცილების უმრავლესობაზე, 140კმ/სთ სიჩქარემდე თავად ავტომობილს გადააბარონ — ერთი სიტყვით, „მართონ ხელების გარეშე“.


კომპანიას ნახევრად-ავტონომიურ ტექნოლოგიაზე ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა აღინიშნა, რომ ის მოიცავს ხაზების შეცვლის, სიჩქარის კონტროლისა და ავარიული დამუხრუჭების ტექნოლოგიებს. მძღოლები ხელსაწყოთა პანელზე ნახავენ სიმბოლოს, რომელიც როცა გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ Hands-Free Assist-ი გააქტიურებულია. 

უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად, მძღოლს სალონში განლაგებული კამერა გააკონტროლებს, რომელიც შეაფასებს, რამდენად ყურადღებითაა ის. თუ სისტემა ჩათვლის, რომ მძღოლი საკმარის ყურადღებას გადაადგილებას არ უთმობს, სისტემა გამოირთვება და გააფრთხილებს მას, რომ ხელები საჭეს მოკიდოს და კონტროლი დაიბრუნოს. 

Subaru-ს ახალი სისტემა GPS მონაცემებს, 3-განზომილებიან, მაღალი გარჩევადობის რუკებს, კამერასა და რადარს აერთიანებს. მისი გამოცდისას, ინჟინრებმა 160 000 კილომეტრზე მეტი გაიარეს, რათა ის სრულყოფილებამდე განევითარებინათ. 

თუ დაინტერესდით, გეტყვით, რომ Outback Touring-ის უახლესი მოდელი 45 395$, ხოლო Touring XT 47 995$ ღირს. გარდა აღნიშნული ტექნოლოგიისა, ავტომობილში 12.3-დუიმიან ხელსაწყოთა პანელს, 12.1 დუიმიან მულტიმედიის სისტემასა და Harman Kardon-ის პრემიუმ აუდიოსისტემას ვხვდებით. 

მოდელი 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 180ცხ.ძ-სა და 241 ნიუტონს გამოიმუშავებს. უფრო მძლავრ Outback XT-ში კი ტურბოჩაბერვის მქონე 2.4-ლიტრიან, 4-ცილიდნრიან ძრავას შეხვდებით, რომელიც 260ცხ.ძსა და 375 ნიუტონს გვთავაზობს. 

მსგავსი სიახლეები