Range Rover Sport SV შეზღუდული რაოდენობით და BMW-ს სიმძლავრით გამოვა
Land Rover-ი ერთგული მომხმარებლებისთვის ნოსტალგიურ, მაღალი ხარისხის ფლაგმანს პატივს მიაგებს, თუმცა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. ავტომწარმოებელმა Range Rover Sport SV Ultimate Edition-ის გამოშვება დაანონსა, რომელიც 2015 წლის Sport SVR-ს ეძღვნება, თუმცა ამ შემთხვევაში, მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ბაზრისთვის გამოვა.
მთავარი აქცენტო Velocity Blue Gloss-ის ფერის დაბრუნებაა, რომელიც პირველად Range Rover Sport SV-ის ამჟამინდელ თაობაზე გამოჩნდა. თუმცა სპეციალური მოდელი დამატებით კიდევ ორ ფერში — Obsidian Black Satin-სა ან Ethereal Frost Satin-ში იქნება ხელმისაწვდომი. ახალი Rover-ი 23-დიუმიან ალუმინის დისკებზე დგას, რომელიც მუქი ნაცრისფერი და შავი ფერისაა, ლურჯი ან შავი სამუხრუჭე კალიპერებით, რაც მოდელს შესამჩნევ კონტრასტს მატებს.

ტყავის ინტერიერი Light Cloud-ისა და Ebony-ს ფერებშია მორთული, ხოლო პანორამული სახურავი სტანდარტულ ვერსიადაა შემოთავაზებული. სპეციალური გამოშვების მოდელი SV-ის ყველა დამახასიათებელ ელემენტს ინარჩუნებს, მათ შორის Meridian-ის 29-დინამიკიან აუდიოსისტემასა და Body and Soul Seats-ს (BASS).

ახალ, შეზღუდული გამოშვების მოდელში სიმძლავრე BMW-ს კარგად ნაცნობი ტვინტურბო 4.4-ლიტრიანი V8 ძრავიდან მოდის, რომელიც mild-ჰიბრიდულ სისტემას უკავშირდება. შედეგად, ავტომობილის კომბინირებული სიმძლავრე 626 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო მაბრუნი მომენტი 750 ნიუტონ-მეტრს უტოლდება. Dynamic Launch Mode-ს საშუალებით, მცირე დროით, მაბრუნი მომენტი 800 ნიუტონ-მეტრსაც აღწევს.საინტერესოა ისიც, რომ Range Rover-ის SUV, თავისი დიდი ზომის მიუხედავად, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.7 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 290 კმ/სთ-მდე ავითარებს.

შედარებისთვის, SVR-ის (2015–2022) ორიგინალი ვერსია Jaguar-ის მიერ წარმოებულ 5-ლიტრიან V8 სუპერჩარჯერ ძრავას იყენებდა, რომლის გამომუშავებაც 550 ცხენის ძალასა და 680 ნმ-ს აღწევდა.ხოლო ამ მოდელის Ultimate Edition-ში ავტომწარმოებელმა გამომუშავება 567 ცხენის ძალამდე და 700 ნმ-მდე გაზარდა. დღევანდელი სტანდარტებითაც კი, SUV საკმაოდ სწრაფი იყო — 100 კმ/სთ-მდე 4.3 წამში ჩქარდებოდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ იყო.
როგორც აღვნიშნეთ, 2026 წლის Range Rover SV Ultimate Edition-ის გლობალური ბაზრისთვის გამოშვება არ იგეგმება. Land Rover-ი მხოლოდ 500 ეგზემპლარს შექმნის და მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ბაზრისთვის. ღირებულება 194 700 აშშ დოლარიდან იწყება.