Chery-მ გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 6 თვეში მე-4 მოდელის გაყიდვა დაიწყო
Chery-მ ბრიტანეთში Tiggo 4 წარადგინა. ავტომოყვარულ მკითხველს, ცხადია, ეს მოდელი არ დააინტერესებს, თუმცა ბიუჯეტური სეგმენტით დაინტერესებული ადამიანებისთვის Tiggo 4 დიდებული სიახლეა.
მართალია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინური ავტომწარმოებლის მოდელი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული მანქანაა — სპორტულად და ელეგანტურად არც გამოიყურება და პერფორმანსითაც არ ბრწყინავს, თუმცა ის, რაც მოკრძალებულ Tiggo-ს კონკურენტებისგან გამოარჩევს, მისი ფასია — 19 995 გირვანქა სტერლინგი (26 800$). კარგად დაფიქრდით, შეძლებთ სულ ახალი, 1.5-ლიტრიანი ძრავის მქონე სხვა ჰიბრიდის შეძენას ამ ფასად? 

მიუხედავად არც ისე ბრწყინვალე შესავლისა, მაინცდამაინც ცუდი არც მოდელის პერფორმანსია — ის 200ცხ.ძ-სა და 310 ნიუტონს გამოიმუშავებს.
გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე Tiggo 4-ის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ Dacia Duster-მა ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტის გვირგვინი დაკარგა და ის ჩინურმა ბრენდმა გადაიბარა — Tiggo Duster-ზე 5 000, ხოლო Nissan Juke-ზე 10 000 გირვანქა სტერლინგით იაფია. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი შეთავაზებაა...
როგორც ფოტოებიდან ჩანს, მოდელი თანამედროვე ჩინური ელექტრომობილების მსგავსად იაფფასიანი სენსორებითა და გიგანტური მონიტორებით აღჭურვილი მანქანა არ არის — ინტერიერში ფიზიკურ ღილაკებს ბლომად ვხედავთ, რასაც მხოლოდ მივესალმებით.
ეს Chery-ს მეოთხე მოდელია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სანაპიროებს მიადგა. ამ ფაქტში შთამბეჭდავი ისაა, რომ ჩინურმა ბრენდმა გაერთიანებულ სამეფოში ავტომობილების გაყიდვა სულ 6 თვის წინ დაიწყო...
უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რამდენად მოხიბლავს Tiggo 4-ის ფასი და 7-წლიანი გარანტია ადგილობრივ მომხმარებელს.