Jaecoo 8 — Temu-დან გამოწერილი Mercedes GLS, რომელიც კარგად გამოიყურება
ჩინური Jaecoo გაერთიანებულ სამეფოში, დაახლოებით, 1 წლის წინ გამოჩნდა და ამ პერიოდში შეძლო, ქვეყნის საავტომობილო ბაზარზე გაყიდვებით მე-6 ადგილი დაეკავებინა SUV-ი Jaecoo 7-ით. ამჯერად ბაზარზე Jaecoo 8 გამოჩნდება, რომელიც უფრო დიდი, მდიდრული და მძლავრია.
თუმცა, არ შეიძლება არ ვახსენოთ, რომ თუ Jaecoo 7-ს Temu-დან გამოწერილ რეინჯ როვერს ეძახდნენ, Jaecoo 8 „Temu-დან გამოწერილი Mercedes GLS“ ის წოდებას იმსახურებს. 

სამრიგიანი მოდელი დიდი და მდიდრულია, რაც მას პრემიუმ სეგმენტისკენ ამისამართებს, თუმცა ფასი ამ სეგმენტის დასავლური წარმომადგენლებისაზე ბევრად მოკრძალებულია. მყიდველებს 2 ვერსიას შორის არჩევა შეეძლებათ — Luxury კომპლექტაცია 7-ადგილიანია, Executive კომპლექტაცია კი 6 ადგილს გვთავაზობს.
Chery-ის Super Hybrid სისტემა, რომლითაც მოდელია აღჭურვილი — 1.5-ლიტრიან, ტურბოჩაბერვის მქონე ძრავასა და სრულ ამძრავობას აერთიანებს. ჯამურად ავტომობილი 422 ცხ.ძ-სა და 580 ნიუტონს გამოიმუშავებს, რომელთა საშუალებითაც საკმაოდ მოზრდილი SUV-ი 100კმ/სთ-მდე 5.8 წამში ჩქარდება. ეს აჩქარება არაერთ „ცხელ ჰეჩბექს“ შეარცხვენდა, არათუ 3-რიგიან SUV-ებს...
არანაკლებ შთამბეჭდავია მოდელის ეფექტიანობაც — Jaecoo-ს განცხადებით, მხოლოდ ელექტრო მუხტით მოდელი 134 კილომეტრს გაივლის, კომბინირებული მანძილი კი 1100 კმ-ს აჭარბებს. მისი ბატარეის 30-დან 80%-მდე დამუხტვას კი მხოლოდ 20 წუთი სჭირდება.
ჩინური ბრენდი გულუხვი აღმოჩნდა ტექნოლოგიების მიმართულებითაც. Jaecoo 8-ის ინტერიერში შეხვდებით 12.3-დუიმიან მონიტორებს, Apple CarPlay-ს (სურვილის შემთხვევაში Android Auto-ს), Sony-ს 14-დინამიკიან აუდიოსისტემასა და სხვა საშუალებებს. ბრენდის განცხადებით, შთამბეჭდავი იქნება მოდელის უგზოობის შესაძლებლობებიც.
როგორც უკვე აღინიშნა, შთამბეჭდავია Jaecoo 8-ის ფასიც — ის 61 000-დან 68 000 დოლარამდე ეღირება. შედარებისთვის, Hyundai-ს 65 000$-იანი Santa Fe ჩინურ SUV-ს როგორც აჩქარებით, ისე ელექტრო მუხტით გავლადი დისტანციითა და კომბინირებული დისტანციით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.