Ford-ის CEO-მ ამერიკელ პაპ ლეო XIV-ს ჩიკაგოში აწყობილი Explorer-ი გადასცა
Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, რომის პაპ ლეო XIV-ს, რომელიც ამავდროულად ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია, ჩიკაგოში აწყობილი Explorer-ი გადასცა. შავი ფერის ჰიბრიდულ SUV-ზე, რომელიც სპეციალურად რომის პაპისთვის შეიქმნა, ჩიკაგოსა და ვატიკანის სიმბოლური ელემენტებია დატანილი, რაც, რა თქმა უნდა, ლეო XIV-ის ჩიკაგოურ ფესვებს უსვამს ხაზს.

ავტომობილი ჩიკაგოში მდებარე Ford-ის ქარხანაში აეწყო, რომელიც 100 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. რომის პირველი ამერიკელი პაპი, ლეო XIV, ქარხნიდან დაახლოებით 5 მილის (8 კმ) მოშორებით, დოლტონის გარეუბანში გაიზარდა.

Explorer-ი, რომელიც ვატიკანში ფარლიმ და მისმა მეუღლემ რომის პაპს გადასცეს, 3.3-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ჰიბრიდულ სისტემასა და 10-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. ფარლებმა მანქანა 28 თებერვალს, ვატიკანში კერძო აუდიენციის დროს, თავადვე მიიყვანეს. ავტომობილის სავარძლებს ჩიკაგოს დროშის სიმბოლიკა ახლავს, ხოლო ინტერიერის ნაწილზე წმინდა პეტრეს ბაზილიკის გრავიურაა დატანილი.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
„რამდენიმე თვის წინ ვატიკანს დავუკავშირდი და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. პაპ ლეო XIV-ს ჩიკაგოს სამხრეთით ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ისევე როგორც Ford-ს. ჩვენც ვიფიქრეთ, რომ Ford-ის ჩიკაგოს ქარხანაში აწყობილი Explorer-ი შესაფერისი იქნებოდა“, – თქვა ფარლიმ და დასძინა, რომ პაპთან ერთად ავტომობილით გასეირნების დროს მიხვდა, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი სპორტული მგზავრობის მოყვარულია.
პაპის ახალი ავტომობილის სანომრე ნიშნებად სიმბოლურად DA POPE და LEO XIV შეირჩა. როგორც ლეო XIV-მ ფარლის უთხრა, ის Explorer-ს ვატიკანის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის გამოიყენებს.