Ford-ის CEO-მ ჯიმ ფარლიმ ჩინური პიკაპები გამოცადა და თავისი აზრიც დააფიქსირა
Ford Motor Company-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯიმ ფარლის სიახლეები რომ ძალიან უყვარს, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არავისთვის უნდა იყოს. ამჯერად ამერიკელი ბიზნესმენი ავსტრალიაში იმყოფებოდა, სადაც გადაწყვიტა, ჩინური წარმოების პიკაპები თავადვე გამოეცადა. ასე მოხვდა ფარლი BYD Shark 6-ისა და GWM Cannon Alpha-ს საჭესთან და ამ გამოცდილების შემდეგ თავისი გულწრფელი შეფასება მომხმარებელსაც გაუზიარა.
ფარლიმ ჩინური პიკაპების გამოცდის შემდეგ აღიარა, რომ ავტომობილები ბაზარზე საოცრად კონკურენტუნარიანები არიან. თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებენ მძღოლები ამ ავტომობილებს. „სამი დღე Land Cruiser 70-იანების, Shark-ის და Great Wall-ის ავტომობილების გამოცდაში გავატარე. ისინი განსხვავებულნი არიან — სრულიად განსხვავებული ცხოველები“, — განაცხადა ფარლიმ.

თუმცა ფარლის, რომელიც 2024 წელს Xiaomi SU7-ის ტესტირებებითაც მოხიბლული იყო, ობიექტურობა არ დაუკარგავს და ისიც აღიარა, რომ მართალია „BYD Shark-ი გარეგნულად სტანდარტულ პიკაპს ჰგავს“, მანქანაზე ტვირთის მოთავსების შემთხვევაში ის „პიკაპის მოვალეობებს“ სრულყოფილად ვერ ასრულებს. „Shark-ი უნივერსალური ავტომანქანაა, თუმცა თუ უკანა სავარძელზე 500 კგ-ს მოათავსებთ, ის Ranger-ის ან HiLux-ის მუშაობას ვერ შემოგთავაზებთ“, — იუწყება Drive-ი მის სიტყვებს.

ფარლის აზრით, Shark-ის მოდელი შესაძლოა იმ მყიდველების მოთხოვნებს, რომელთაც პიკაპის დიზაინი სურთ, სრულებით შეესაბამებოდეს, თუმცა მისი შეძენის შემთხვევაში უმჯობესია, თუ მოდელს რეგულარულად არ დატვირთავენ. ეს პოტენციური პრობლემაა Ford-ისთვის, რადგან მან იცის, რომ Ranger-ის ყველა მფლობელი არ იყენებს მოდელს ისე, როგორც ის Ford-ის ინჟინრებმა დააპროექტეს. თუმცა Ford-ის CEO-ს თქმით, იმ პირებისთვის, ვინც ყოველდღიურად არ ტვირთავს მანქანას და თან ელექტრომოდელიც სურს, ჩინური მოდელი საკმაოდ კონკურენტუნარიანი პროდუქტია.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
ავსტრალიაში ვიზიტის დროს ფარლიმ GWM Cannon Alpha PHEV-იც გამოცადა და თქვა, რომ ეს კიდევ ერთი კონკურენტია, რომელიც ამ ინდუსტრიაში შემოდის. მიუხედავად ამისა, ფარლის მიაჩნია, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიც Toyota და Ford-ია, პიკაპების წარმოების მხრივ დიდ უპირატესობას ინარჩუნებენ. ამას კი, თავის მხრივ, მათი მრავალწლიანი გამოცდილებაც ამყარებს, რაც ჩინურ ალტერნატივებს ჯერ არ გააჩნიათ.

მაგრამ ფარლი იმ ფაქტსაც აღიარებს, რომ ბაზარი სწრაფად იცვლება. ჩინურმა ბრენდებმა კი სტანდარტული ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის მოპოვების შემდეგ, ახლა უკვე საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში შესვლა განიზრახეს, თანაც საკმაოდ აგრესიულად, რაც, რა თქმა უნდა, ევროპული და ამერიკული კონკურენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.