ავსტრალიელმა თინეიჯერმა Lamborghini Urus-ი მოიპარა და რამდენიმე საათში დალეწა
ავტომოყვარული თინეიჯერები, როგორც წესი, ოცნებობენ დღეზე, როცა რომელიმე ეგზოტიკური მოდელის მართვას შეძლებენ. როგორც ჩანს, ეს ლოდინი 16 წლის მელბურნელ ახალგაზრდას ძალიან მობეზრდა... პოლიციის ცნობით, მოზარდმა Lamborgini Urus-ი მოიპარა და მზიანი ქალაქის ქუჩებში 16 საათის განმავლობაში სეირნობდა.
სამწუხაროდ, ეს თავგადასავალი მაინცდამაინც კარგად ვერ დასრულდა — მდიდრული SUV-ი თინეიჯერმა მაინცდამაინც კარგად ვერ დააპარკინგა და მანქანასთან ერთად, ღობეც იმსხვერპლა. 
ადგილობრივი მედიის ცნობით, 2020 წლის Urus-ი უძრავი ქონების ადგილობრივ დეველოპერ ოზი ხეირს ეკუთვნის. მდიდრული მანქანა 16 წლის ახალგაზრდამ მისი სახლიდან ღამის 1-ელ საათზე გაიტაცა. პოლიციამ ძებნა მალევე დაიწყო, თუმცა არც ისე წარმატებულად...
ქალაქის მასშტაბით არაერთი თვითმხილველი გამოჩნდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტრასაზე გადაადგილებისას Lamborghini შეამჩნიეს, რომელშიც ნიღბიანი ადამიანები ისხდნენ და მოძრაობის წესებს არღვევდნენ. საბოლოოდ, პოლიციამ ავტომობილი იპოვა და მასზე საჰაერო დაკვირვება დაიწყო — სახმელეთო დევნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ დაწყებულა. 
საბოლოოდ, მძღოლმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და კერძო სახლის ღობეს შეეჯახა. შეჯახებამ ავტომობილის წინა და მარცხენა მხარეები მნიშვნელოვნად დააზიანა — გაიხსნა აირბაგების უმრავლესობაც. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციის ცნობით, 16 წლის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს — მისი 3 თანამგზავრის ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამომძიებლებმა დამნაშავის სოციალური მედიაც შეამოწმეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ Instagram-ზე მან გატაცებული მანქანის ფოტოების დადებაც მოასწრო... გარდა ამისა, ამავე ანგარიშზე ვხედავთ ამ ტიპის ვიდეოებსა და ფოტოებს Mercedes-იდან, BMW-დან, Audi-დან და Range Rover-იდან. ვერაფერს ვიტყვით, ბავშვი ნამდვილად ავტომოყვარულია...