მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ფორდი, ფორდ მუსტანგი, მუსტანგი, ჯიმ ფარლი
Aa
Aa

ჯიმ ფარლის მკაცრი პოზიცია Mustang-ზე | მექანიკური გადაცემათა კოლოფი არსად წავა

Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ ავტომწარმოებლის, მათ შორის კი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „მასლ-ქარის“, Mustang-ის მომავალზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს ფარლიმ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი და განაცხადა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი Ford Mustang-ი უახლოეს მომავალში ბაზრიდან არ გაქრება, რითაც ალბათ ბევრი ავტომოყვარულის გულიც მოიგო.

„მექანიკურ გადამრთველს მხოლოდ მაშინ წაგვართმევენ, როცა ცოცხლები აღარ ვიქნებით“, — განაცხადა ფარლიმ ინტერვიუს მიმდინარეობისას და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მკაფიო პოზიციაც დააფიქსირა, რომელიც ბოლო პერიოდში რომელიმე ავტომწარმოებლის ხელმძღვანელობისგან მოგვისმენია.

ეს კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები სრულიად ავტომატური ტრანსმისიის განვითარებაზე არიან გადასულნი და მექანიკურ ვერსიებს სამუდამოდ ემშვიდობებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: მექანიკური VS ავტომატური კოლოფი და მითები მათ შესახებ

საინტერესოა ისიც, რომ ფარლის შემთხვევაში საქმე მხოლოდ ნოსტალგიას არ ეხება. Ford Motor Company-სთვის Mustang-ი მართვის სიამოვნებისთვის შექმნილი მოდელია, რომელიც ენთუზიასტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამაში კი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით ისეთ ვერსიებში, როგორიცაა Ford Mustang Dark Horse.

აქ მთავარი არა მხოლოდ სისწრაფეა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ვერსია (განსაკუთრებით 10-სიჩქარიანი) გაცილებით სწრაფია და გაყიდვებშიც ლიდერობს, მექანიკური ვერსიის შემთხვევაში მთავარი მართვის ის გამოცდილებაა, რომელსაც მძღოლები Mustang-ის საჭესთან იღებენ. ეს სწორედ ის ერთგული მომხმარებელია, რომლის დაკარგვაც Ford-ს არ სურს.

ფარლის მკაცრი პოზიციის გათვალისწინებითაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის რეგულაციები, რომლებიც Ford-ის მომავალზე გავლენას აუცილებლად იქონიებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე Ford-ი ბრენდის იდენტობას და მომხმარებელთა ინტერესებს უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს. მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ხანს შეძლებენ ისინი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე Ford Mustang-ის შენარჩუნებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები