სუვი, აუდი, სედანი, აუდი ა8, წარმოების დასასრული, აუდი ქიუ9
Aa
Aa

Audi A8-ის წარმოებას შეწყვეტს და მას Q9-ით ჩაანაცვლებს

დიდი ალბათობით, Audi მალე თავისი ფლაგმანი სედანის, A8-ის გამოშვებას შეწყვეტს და მის ადგილს ახალი SUV-ით შეავსებს. A8 გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოდელია, ის 1994 წლიდან გამოდის, თუმცა ავტოინდუსტრიაში მოდელის ბედს არა მისი ისტორია, არამედ მასზე არსებული მოთხოვნა განაპირობებს. 

დაგეგმილი SUV-ი, Q9, კომპანიის ყველაზე დიდი ზომის მოდელი იქნება და მის შეძენას, Autocar UK-ის ცნობით, აშშ-ის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის ბაზრებზე შეძლებენ. სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ A8-ის წარმოება უკვე შეჩერებულია, თუმცა ეს, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა. 

ცვლილება, ალბათ, ლოგიკურია — განსაკუთრებით კი გასული რამდენიმე წლის სავტომობილო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით. მომხმარებელი ტრადიციულ სედანებზე დიდ უპირატესობას SUV-ებს ანიჭებს. ამას სტატისტიკაც ამყარებს: 2023 წელს მსოფლიოში მხოლოდ 20 442 A8 გაიყიდა, ხოლო Q8 47 002-მა ადამიანმა შეიძინა. აშშ-ის ბაზარზე ვითარება კიდევ უფრო დრამატულია — 2025 წელს აქ Audi-მ 1 406 A8 გაყიდა, როცა Q8-ის გაყიდვების რიცხვი 10 800-ს აჭარბებდა. ტენდენცია ცხადია — მდიდრულ, დიდ SUV-ებზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო სედანების პოპულარობა თანდათან იკლებს. 


Q9-ის შესახებ, ჯერჯერობით, ბევრი არაფერია ცნობილი — ვიცით ის, რომ მოდელი Q7-ზე დიდი იქნება და გერმანული ავტომწარმოებელი მას როგორც 6, ისე 7-ადგილიანი სახით შემოგვთავაზებს. პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებში, შეფუთული ავტომობილი Audi-ს ტრადიციულ დიზაინს ნამდვილად მოგვაგონებს — გიგანტური ცხაურა, თუმცა მაინც ელეგანტური ფორმები. 

Autocar UK-ის ცნობით, Q9 აუდის Premium Platform Combustion-ს დაეყრდნობა, რომელსაც ახალი A6L იყენებს. რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება როგორც სტანდარტული შიგაწვისძრავიანი, ისე მაილდ-ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიები. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები