კორონავირუსმა მექსიკის რალის ეტაპი ვერ ჩაშალა
ავტოსპორტის ერთი დისციპლინა მაინც ჩატარდა, რაც დღევანდელ ვითარებაში სასწაულის ტოლფასია. სებასტიენ ოჟიემ რალის მსოფლიო ჩემპიონატის მექსიკის რალის ეტაპზე გაიმარჯვა, რამაც ის ჩემპიონატის ჩათვლაში პირველი ადგილით უზრუნველჰყო.
ოჟიე WRC 2020-ის მესამე გამარჯვებულია, რაც რალის ძლიერ კონკურენტუნარიანობას ხაზს უსვამს. საერთო ჩათვლაში ოჟიეს მისი თანაგუნდელი ელფინ ევანსი მეორე ადგილზე მიყვება. უელსელმა მრბოლელმა მექსიკის რალიზე მეოთხე პოზიცია დაიკავა, რაც მისთვის რალის მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულის მოპოვების დიდ იმედებს ასახავს.
კორონავირუსის მიერ გამოწვეული ქაოსი რალის სამყაროსაც შეეხო. მექსიკის რალის ეტაპი ერთი დღით ადრე დაასრულეს, რათა რალის მონაწილეებს სახლში დაბრუნება უპრობლემოდ შეეძლოთ. რალის შემდეგი ეტაპი, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, გადადეს. მომდევნო ეტაპი პორტუგალიის რალია და მისი ჩატარება 21-24 მაისისთვისაა დაგეგმილი.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რალის ორგანიზატორებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მათ უსაფრთხოების ყველა ზომა დაიცვეს და შეჯიბრმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა,“ - თქვა „ტოიოტას“ დირექტორმა აკიო ტოიოდამ.