BMW-ის ლეგენდარული ტუნერი მუშაობას წყვეტს | მიზეზები
BMW-ს ლეგენდარული ტუნერი AC Schnitzer-ი მუშაობას წყვეტს. ეს ნიშნავს, რომ ისტორია, რომელიც 1987 წელს მოდიფიცირებული მეშვიდე სერიის E32-ით დაიწყო, 2026 წელს წარსულს ჩაბარდება.

ასევე დაგაინტერესებთ: AC Schnitzer-მა ვერ მოიცადა და BMW i5 საკუთარი განახლებით წარადგინა
მუშაობის შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ ავტომობილების მოდიფიკაციისთვის საჭირო ნაწილების დიზაინის შექმნის, განვითარებისა და წარმოების მზარდი ხარჯი დაასახელა. AC Schnitzer-ის თქმით, ბოლო წლებში მოდიფიცირებისა და წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რაც მათთვის მუშაობის გაგრძელების პროცესს ართულებს. ამასთანავე, გამოწვევებს შორის კომპანია გერმანიაში პროდუქტის ბაზარზე გატანამდე არსებულ ხანგრძლივ დამტკიცების პროცესსაც ასახელებს, რაც მათ უცხოურ კომპანიებთან კონკურენტულად არათანაბარ პირობებში აყენებს.
„სათადარიგო ნაწილების ბაზარზე გასატანად ჩვენ რვა ან ცხრა თვით მეტი გვჭირდება, ვიდრე ჩვენს კონკურენტებს — ეს კი ყველაფერზე მეტყველებს“, — განაცხადა ACS-ის მმართველმა დირექტორმა რაინერ ფოგელმა. ფოგელის თქმით, ACS-მა ვერ შეძლო „დაეინტერესებინა ახალგაზრდა მომხმარებელი მათი ბრენდის სპორტული ავტომობილებით ისე, როგორც ამას მათი მამების თაობაში აკეთებდა“.

ACS-ის განცხადებითვე, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებამ, საერთაშორისო ბაზარზე პირობების გაუარესებამ (მათ შორის ტარიფებმა და არასტაბილურმა გაცვლითმა კურსებმა), ასევე შიგაწვის ძრავებზე დაწესებულმა რეგულაციებმა ტუნინგის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახადა.
როგორც ფოგელი აღნიშნავს: „რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ამ სფეროსთან ძლიერი ემოციური კავშირი გაქვს, მარტივი არაა, თუმცა, როგორც ოჯახის საკუთრებაში არსებულმა ბიზნესმა, მათ სრულად Kohl Group-ზე და მის სტაბილურ მომავალზე უნდა იფიქრონ“.
ცნობისთვის, AC Schnitzer-ი 1987 წელს ვილი კოლმა და ჰერბერტ შნიცერმა, როგორც Kohl Automobile GmbH-ის შვილობილი კომპანია, დააარსეს. BMW-ის ტუნინგის გარდა, რომელიც მის ერთ-ერთ ძირითად ხაზს წარმოადგენდა, AC Schnitzer-ი ტურინგებსა და რალის ავტომობილებზეც მუშაობდა. მოდიფიცირებული E63 M6-ითა და LPG-ზე მომუშავე 335i-ით კომპანიის სახელზე მსოფლიო რეკორდებიც ირიცხება.

„AC Schnitzer-ის ბრენდის შეძენით დაინტერესებულ მხარეებთან Kohl Group-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს“, — განაცხადა კომპანიამ, — „თუმცა, იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, არსებული მარაგი წლის ბოლომდე სრულად გაიყიდება“.