აშშ-ის ავტოინდუსტრია ჩინური მანქანების სრულ აკრძალვას ითხოვს
უკანასკნელ წლებში ჩინური ავტომწარმოებლები ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე, ხელმისაწვდომობისა და თანამედროვე ფუნქციების სიუხვის წყალობით, ჩინური კომპანიები ახლა უკვე ევროპის ბაზარზეც ლიდერულ პოზიციებს იკავებენ.
ამ ეტაპისთვის, ჩინეთში წარმოებული ავტომობილები აშშ-ის საზღვრებში არ შედის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამერიკული კომპანიები ქვეყნის ხელმძღვანელობისგან მათ ბაზარზე ჩინური ავტომწარმოებლების მიერ აშშ-ში აწყობილი მანქანების დაშვების აკრძალვასაც მოითხოვენ.

საავტომობილო ინოვაციების ალიანსის, ეროვნული ავტოდილერების ასოციაციის, Autos Drive America-სა და MEMA-ს ერთობლივ წერილში, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა, სწორედ ამ საკითხზეა საუბარი. ეს ჯგუფები ისეთ კომპანიებს წარმოადგენენ, როგორებიც არიან General Motors-ი, Ford-ი, Toyota, Volkswagen-ი, Hyundai და Stellantis-ი, ათასობით მიმწოდებელსა და დილერთან ერთად.
Reuters-ის მიერ მოპოვებულ წერილში ორგანიზაციებმა ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი წესების დაცვა სთხოვეს, რაც ჩინეთში წარმოებული მანქანების აშშ-ის ბაზარზე გაყიდვას სრულად აკრძალავს. მათ შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებითაც, რომ რეგულაციას, რომელიც ჩინეთთან დაკავშირებული მანქანების აშშ-ის ბაზარზე შესვლას ზღუდავდა, 2025 წელს მოქმედების ვადა ამოეწურა. ინდუსტრიის ლიდერები მისი ძალაში დატოვებას მოითხოვენ.

ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ჩინეთი გლობალური ავტოწარმოების სათავეში მოხვედრასა და, ამავდროულად, ამერიკელ მომხმარებელზე წვდომის მოპოვებას ცდილობს. მათივე გაფრთხილებით, ჩინელ ავტომწარმოებლებს აშშ-ში ქარხნების აშენებით შეზღუდვებისთვის თავის არიდების საშუალება არ უნდა მიეცეთ. წერილის თანახმად, რისკები ორივე შემთხვევაში — იქნება ეს იმპორტირებული თუ აშშ-ში აწყობილი ჩინური მანქანა — იდენტურია.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩინური მანქანების უპირატესობა, მათ სიიაფესთან ერთად, კარგ აღჭურვილობასა და სწრაფი განვითარების შესაძლებლობაშიცაა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მათთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდეთ. ჯგუფების მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუ რას მოიმოქმედებს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც ოფიციალურ პეკინთან შეხვედრისთვის ემზადება.