ახალი Dodge Durango R/T 392 — SRT, რომელსაც ემბლემები მოაშორეს
მივეჩვიეთ, რომ Stellantis-ის პოზიცია V8 ძრავების მიმართ უცვლელია — კორპორაცია მისი წარმოებიდან გაქრობას მუდმივად აპირებს, თუმცა ამას არასდროს აკეთებს... ეს არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს, თუმცა, როგორც ჩანს, ერთი ძველი და მძლავრი ყველგანმავალისთვის ძალიან მომგებიანი იქნება. Dodge Durango R/T 2026 წელს დაბრუნდება და Hemi-ს 6.4-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 475 ცხ.ძ-სა და 637 ნიუტონს გამოიმუშავებს. ეს ძველ R/T-ზე 115 ცხ.ძ-ით მეტია. ეს, ფაქტობრივად, SRT-ია ემბლემის გარეშე და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, ფასი უცვლელია — 51 990$.
ასევე იხილეთ: რატომ ეშინოდა ჰენრი ფორდს ძმები დოჯების? - დოჯის ისტორია
საქმე მხოლოდ სიმძლავრე არ არის, ბრენდმა ყურადღება დაუთმო შასისაც. ახალ Durango R/T 392-ს ადაპტური საკიდარი და 6-დგუშიანი წინა სამუხრუჭე სუპორტი ექნება (4-დგუშიან უკანა სამუხრუჭე სუპორტებთან ერთად). ასევე, ადგილზეა პერფორმანსზე ორიენტირებული გამოსაბოლქვი სისტემა, ელექტრონული თვითბლოკირებადი დიფერენციალი უკანა ხიდზე და 295მმ-იანი Pirelli Scorpion Zero საბურავები. 
სავარძლებისთვის გამოყენებული Nappa-ს ტყავი და პერფორმანსზე ორიენტირებული მართვის რეჟიმი მიუთითებს, რომ ეს მართლაც ემბლემებმოშორებული SRT 392-ია. ძველ R/T-ს 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 6.6 წამი სჭირდება, ახალი კი ამას 4.4-ში შეძლებს — შთამბეჭდავია მაქსიმალური სიჩქარეც: 260 კმ/სთ. თუ Durango სიჩქარეზე მეტად, მისაბმელის გადასატანად გჭირდებათ, მოდელი გულს არც აქ დაგწყვეტთ — მას 4000კგ-ის ჩაბმა შეუძლია.
თუ 8 000 დოლარით მეტი გაქვთ, შეგიძლიათ Premium კომპლექტაციაც შეიძინოთ — ასეთ შემთხვევაში, მოდელს 18-დინამიკიანი Harman/Kardon-ის სტერეოსისტემა, ტყავით გაფორმებული ხელსაწყოთა დაფა, ლიუკი და სხვა არაერთი „მდიდრული სათამაშო“ დაემატება. 