გერმანია, შიგაწვის ძრავა, სასამართლო, ბიემვი, მერსედესი, ბეემვე
Aa
Aa

BMW-მ და Mercedes-მა გარემოსდაცვით ჯგუფს შიგაწვის ძრავებზე სასამართლო დავა მოუგეს

ქმნიან თუ არა ავტომწარმოებლები შიგაწვის ძრავებს ახალგაზრდა თაობის უფლებების ფასად? გერმანული გარემოსდაცვითი ჯგუფის, DUH-ის მტკიცებით — დიახ, და მეტიც, ისინი თვლიან, რომ ქვეყნის კონსტიტუციაც კი ირღვევა. თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანული სასამართლო მათ არ ეთანხმება.

ორგანიზაციის სამი დირექტორი ამტკიცებდა, რომ ავტოგიგანტებმა უკვე აითვისეს ნახშირორჟანგის შემცირების გლობალური და ეროვნული ბიუჯეტის არაპროპორციულად დიდი წილი. ამ საფუძვლით, ისინი ითხოვდნენ სასამართლო განჩინებას, რომელიც BMW-სა და Mercedes-Benz-ს 2030 წლის შემდეგ შიგაწვის ძრავების გაყიდვას აუკრძალავდა.

სასამართლო განხილვისას რთული სამართლებრივი კითხვა წამოიჭრა — შეიძლება თუ არა კერძო კომპანიებს დაეკისროთ ემისიების შემცირების უფრო მკაცრი ვალდებულება, ვიდრე ამას მოქმედი სამთავრობო რეგულაციები მოითხოვს?

ასევე, გაუგებარი დარჩა, რატომ ამოიღეს სარჩელით მიზანში მხოლოდ BMW და Mercedes-ი, მაშინ როცა გერმანიაში ათობით სხვა მწარმოებელიც ოპერირებს. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ ამ კომპანიებისთვის ძველი ტექნოლოგიების შენარჩუნების უფლების მიცემა მომავალში მთავრობას აიძულებს, რომ კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ, რაც საბოლოოდ, ახალგაზრდა თაობის თავისუფლებას შელახავს — კავშირი, ალბათ, ვერც თქვენ დაიჭირეთ...

როგორც აღინიშნა, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე შტეფან ზაიტერსის განცხადებით, კლიმატის დაცვის შესახებ კანონმდებლობაზე პასუხისმგებლობა კანონმდებლებს ეკისრებათ და არა სასამართლოს.

ეს არ არის ერთადერთი სიახლე, რომელსაც ავტომწარმოებლები ზეიმობენ. გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ შეარბილა 2035 წლისთვის დაგეგმილი შიგაწვის ძრავების სრული აკრძალვის გეგმა. ახალი წესებით, კომპანიებს შეეძლებათ, გააგრძელონ შიგაწვისძრავიანი და ჰიბრიდული მოდელების გაყიდვა ელექტრომობილების პარალელურად, იმ პირობით, თუ ისინი 2021 წლის დონესთან შედარებით, ნახშირორჟანგის გამოყოფას 90%-ით შეამცირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები