ოფიციალურად, ახალი Nissan GT-R R36 2030 წლამდე გამოვა
ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა ამოხსნილია: Nissan GT-R R36 ბრუნდება და ის მოდელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევოლუცია იქნება. ლეგენდარული R35 უკვე საკმაოდ დიდი ხანია დაძველდა, რაც ავტომოყვარულების მოლოდინებს კიდევ უფრო ზრდიდა — Nissan-მა მომავალი თაობის „გოძილასთვის“ რეალური ვადები პირველად დაასახელა.
ასევე იხილეთ: ბანდა, რომელსაც პოლიცია ვერ აჩერებდა - შუა ღამის კლუბის ისტორია
2026 წლის ნიუ-იორკის ავტოშოუზე, Nissan ჩრდილოეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, პონზ პანდიკუთირამ განაცხადა, რომ 2028 წლისთვის იაპონური ავტომწარმოებელი უკვე კონკრეტულ ანონსებს წარგვიდგენს, ხოლო ათწლეულის დასრულებამდე სერიულ R36 GT-R-საც ვიხილავთ. ეს განცხადება ყველაზე მკაფიო დასტურია იმისა, რომ GT-R არ მომკვდარა — ის უბრალოდ ტრანსფორმაციის პროცესშია.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ, დიდი ალბათობით, სპორტქარის მომდევნო თაობა ელექტრომობილი არ იქნება და მას ჰიბრიდული სისტემა აღჭურვავს. სავარაუდოდ, Nissan ლეგენდარული VR38 twin-turbo V6 ძრავის ევოლუციურ ვერსიას გამოიყენებს, რაც ბრენდს საშუალებას მისცემს, მკაცრი ეკოლოგიური რეგულაციები დააბალანსოს და პარალელურად, GT-R-ის უნიკალური იდენტობაც შეინარჩუნოს.
ეს ნიშნავს, რომ R36 შიგაწვის ძრავისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ხასიათთან ერთად თანამედროვე ელექტროძრავების სიმძლავრესა და მყისიერ აჩქარებასაც შემოგვთავაზებს. თუ იაპონელი ინჟინრები ამ ჩანაფიქრს სწორად განახორციელებენ, ახალი მოდელი „ძველი სკოლის“ აგრესიასა და ავტოინდუსტრიის მომავალს შორის გადებული იდეალური ხიდი იქნება.
ახლა მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა Nissan-ი, რომელსაც საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას, ლეგენდის გათანამედროვეობას ისე, რომ არ დაკარგოს ის მებრძოლი სული, რამაც GT-R ავტოსამყაროს საკულტო მოდელად აქცია. ამას 2030 წლამდე აუცილებლად გავიგებთ.