აუქციონზე გამოჩნდა Miura SV, რომელსაც სულ 1500 კმ აქვს გავლილი
ბევრად ადრე, სანამ SV (Super Veloce) Diablo-ს, Murcielago-სა და Aventador-ის განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, Lamborghini-მ ეს ორი ასო ჩუმად Miura-ს მიაკრა. ეს იმ ავტომობილის ევოლუციის უმაღლესი საფეხური იყო, რომელსაც ბევრი დღემდე მსოფლიოს პირველ ჭეშმარიტ სუპერქარად მიიჩნევს. 2026 წლის 16 მაისს, Mecum-ის აუქციონზე სწორედ ასეთი უნიკალური ეგზემპლარი გაიყიდება.
ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
ამ კონკრეტული Miura SV-ის ექსტერიერი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ეს Blue Tahiti ფერში შეღებილი ერთადერთი ეგზემპლარია, რომელსაც ოქროსფერი დეტალები კიდევ უფრო ალამაზებს. ბევრისთვის Miura ყველა დროის ყველაზე ლამაზი ავტომობილია, ასეთი კომპლექტაციით კი ამ მოსაზრებასთან შეკამათება თითქმის შეუძლებელია. ინტერიერიც არანაკლებ შთამბეჭდავია: თეთრი ტყავით გაწყობილი სავარძლები, კარების პანელები და ჭერი სრულყოფილ კონტრასტს ქმნის ლურჯ კორპუსთან.
ავტომობილის ოდომეტრი მხოლოდ 1 516 კილომეტრს აჩვენებს და მას იტალიურმა ატელიემ სრული რესტავრაცია ჩაუტარა. აუქციონზე ის ყოველგვარი მინიმალური ფასის გარეშე გამოვა, რაც ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. მართალია, წინასწარი შეფასება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასი რამდენიმე მილიონ დოლარს მიაღწევს. შედარებისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, წითელი Miura SV, რომლის გარბენიც 4 400 კმ იყო, დაახლოებით, 4.5 მილიონ დოლარად გასხვისდა.
SV ვერსიის შექმნისას, Lamborghini-მ 3.9-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავა განაახლა — დაუმონტაჟა გაუმჯობესებული Weber-ის კარბურატორები და შეცვალა სარქველების მუშაობის ფაზები. შედეგად, ავტომობილი 380 ცხ.ძ-სა და 400 ნიუტონს გამოიმუშავებს.
მანქანა მხოლოდ „ავტოფარეხის დედოფალი“ როდია — ეს მიურა მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური გემოვნება ავტოსამყაროში.