აუქციონი, ფორდი, დე ტომასო, ჯიმ ფარლი, დე ტომასო პანტერა
Aa
Aa

De Tomaso Pantera | Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის უნიკალური ავტომობილი აუქციონზე იყიდება

DeTomaso Pantera-ს დიდი წარდგენა არ სჭირდება – ეს არის იტალიური სუპერქარი Ford-ის „გულით“. თუმცა, კონკრეტულად ეს ეგზემპლარი (შასი THPNMD04013) კიდევ უფრო განსაკუთრებულია: ავტომობილი ათწლეულების წინ თავად Ford-ის აერონავტიკის განყოფილებაში (Ford Aerospace) კომპანიის ავტომობილად გამოიყენებოდა. და თუ ამ ყველაფერს მის ცნობილ მფლობელსაც დავუმატებთ, გასაგები ხდება, რატომ იქცა ეს ავტომობილი უახლესი აუქციონის მთავარ ლოტად.

ეს ცნობილი მფლობელი Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლია. ამ ავტომობილმა დაახლოებით 18 წელი Yankee Candle-ის ავტომუზეუმში გაატარა, მანამ სანამ კვლავ კერძო პირის საკუთრებაში გადავიდოდა. 2018 წელს, აუქციონზე გატანისას, პოტენციურმა მყიდველმა ტესტ-დრაივის დროს მანქანა მოაცურა და დააზიანა, თუმცა კოსმეტიკური რემონტის შედეგად მალევე აღადგინეს.  ფარლიმ ის 2024 წელს, მეორე აუქციონზე, 121 000 დოლარად შეიძინა. მან სრულად განაახლა ძრავა და გადაცემათა კოლოფი, დაამონტაჟა ახალი შემშვები კოლექტორი, განაახლა დისკები და სალონის პერანგი გადააკვრევინა.

ეს ყვითელი Pantera თავდაპირველად არც სადილეროში მოხვედრილა და არც მდიდარ კოლექციონერთან. ნაცვლად ამისა, ის Ford Aerospace-ის Aeronutronic-ის განყოფილებაში გადავიდა, სადაც მას „სამსახურებრივ“ მანქანად იყენებდნენ. გამოდის, რომ Ford-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ, შუაძრავიან მოდელს ჩვეულებრივი კორპორატიული ტრანსპორტივით ეპყრობოდა. თუმცა ეს მოდელი მალევე, 1974 წელს კალიფორნიაში კერძო მფლობელის სახელზე დარეგისტრირდა. მოგვიანებით კი, სამუზეუმო ექსპონანტად იქცა სანამ აუქციონზე კიდევ ერთხელ, 2018 წელს არ აღმოჩნდებოდა. 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

ფარლის მფლობელობაში გადასვლამდე, ავტომობილის 5.8-ლიტრიანი V8 ძრავა 300-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სიმძლავრე უკანა ბორბლებზე 5-სიჩქარიანი ZF მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით ნაწილდება. მოდელს Edelbrock Performer-ის შემშვები კოლექტორი დაუმონტაჟდა, QA1-ის რეგულირებადი ამორტიზატორები კი მანქანის მდგრადობას უზრუნველყოფს და დისკური მუხრუჭები მას ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის.

მსგავსი მასშტაბის მოდიფიკაციების შემდეგ, მისი სიმძლავრე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზარდა. არსებული ცნობებით, ამ მოდელის შესაძლებლობები ამჟამად 400 ცხენის ძალასც აღწევს, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არაა. მაგრამ დადასტურებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ავტომობილი, რომელიც თავისი ისტორიით ისედაც გამორჩეული იყო, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მოწესრირებული და საუკეთესოდ შენახული Pantera-ა, რაც კი ოდესმე გინახავთ.

მსგავსი სიახლეები