ამერიკის შეერთებული შტატები, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორ კომპანი
Aa
Aa

აშშ-ის თავდაცვის უწყება იარაღის წარმოების ზრდას ავტოგიგანტების დახმარებით გეგმავს | WSJ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა, იარაღის წარმოების გაზრდის მიზნით, ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართეს. როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი შიდა წყაროებზე დაყრდნობით წერს, შეხვედრაში ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა General Motors-ი და Ford Motor-ი.

ჟურნალის ცნობით, წინასწარი და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები კომპანიებთან ჯერ კიდევ ირანის ომამდე დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას სურს, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა იარაღის წარმოების მიმართულებით უფრო დიდი როლი ითამაშონ. WSJ-ის წყაროთა ცნობით, შეხვედრაზე ტრადიციული თავდაცვის კონტრაქტორების მხარდასაჭერად კომპანიათა ჩართულობის შესაძლებლობით დაინტერესდნენ და იმ ფაქტით, შეეძლოთ თუ არა ფირმებს სწრაფად გადასულიყვნენ თავდაცვის სფეროს სამუშაოებზე.

ჟურნალის ინფორმაციით, თავდაცვის სფეროსა და ზემოთ ნახსენებ ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებებში ჩართულ კომპანიებს შორის იყვნენ GE Aerospace და ტექნიკის მწარმოებელი Oshkosh-ი. ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებლად სცადა Reuters-მაც, თუმცა General Motors-მა, Ford-მა, GE Aerospace-მა და Oshkosh-მა კომენტარის შესახებ მოთხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებმა Reuters-ს უთხრეს, რომ თავდაცვის დეპარტამენტს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სწრაფი ტემპით გააფართოვოს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა — ყველა არსებული კომერციული გადაწყვეტილებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით“. აღნიშნული მათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.

მარტში აშშ-ის მაღალჩინოსნები თავდაცვის კონტრაქტორთა ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ, რადგან ქვეყანა ირანთან დაძაბულობისა და სხვა მოვლენების ფონზე, სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენებული მარაგების შევსებაზე აქტიურად მუშაობს. ადმინისტრაციამ ამ თვეში სამხედრო ბიუჯეტის 500 მილიარდი დოლარით, 1.5 ტრილიონ დოლარამდე ზრდაც მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები