Porsche-მ თავისი ყველაზე მძლავრი ავტომობილი წარადგინა
Porsche ელექტრომობილების სტრატეგიის ახალ ფაზაზე გადადის და ამ ეტაპის მთავარი მამოძრავებელი ძალა Cayenne-ია. გერმანულმა ავტომწარმოებელმა სტანდარტული ელექტრო SUV მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა, ახლა კი დიზაინზე უფრო მეტად ორიენტირებული ვერსია შემოგვთავაზა. თქვენ წინაშე Cayenne Coupe Electric-ია, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ ავტომწარმოებლის ყველაზე მძლავრი მოდელიცაა.

ტექნიკური თვალსაზრისით, კუპე ვერსია სტანდარტული Cayenne Electric-ის იდენტურია, თუმცა მთავარ განსხვავებას Porsche ექსტერიერში გვთავაზობს. ახალ მოდელს შედარებით უფრო დახვეწილი ფორმები აქვს, განსაკუთრებული აქცენტი კი აეროდინამიკაზე კეთდება. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დიზაინში განხორციელებული ცვლილებები გერმანული მოდელის პრაქტიკულობასა და კომფორტზე არ აისახება.
Cayenne Coupe Electric-ის შესაძლებლობები მართლაც შთამბეჭდავია. ავტომობილი 1 156 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომლის საშუალებითაც 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.5 წამში ჩქარდება. ეს მას ყველაზე მძლავრ სერიული წარმოების Porsche-დ აქცევს, რომელიც ავტომწარმოებელს ამ დრომდე შეუქმნია და ამ კომპონენტში Taycan Turbo GT-საც კი უსწრებს.

აღნიშნული მოდელი 800-ვოლტიან არქიტექტურაზეა დაფუძნებული და 400 კილოვატამდე სიმძლავრით იმუხტება. ამის წყალობით, 10%-იდან 80%-მდე დამუხტვას მხოლოდ 16 წუთი სჭირდება. ელექტრომობილი 113 კვტ.სთ-ის ბატარეითა და ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად კი სისტემას მაშინ, როდესაც სრული სიმძლავრის საჭიროება არ დგას, წინა ძრავის გათიშვა შეუძლია.
Porsche მომხმარებელს ახალ მოდელს სამ ვერსიაში შესთავაზებს: საბაზისო მოდელი, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (Overboost რეჟიმში 442 ცხ.ძ.), S-ვერსია — 544 ცხენის ძალით (666 ცხ.ძ.) და ბოლოს, ფლაგმანი Turbo — 857 ცხენის ძალით, რომელიც Overboost-ის გააქტიურებისას 1 156 ცხენის ძალამდე იზრდება. კომპლექტაციაში ასევე შედის ადაპტიური პნევმატური საკიდარი, Porsche Active Ride სისტემა და უკანა ღერძის საჭით მართვის სისტემა.

Cayenne Coupe Electric-ი წინა მხრიდან ვიზუალურად სტანდარტულ ვერსიას წააგავს, თუმცა უკანა მხარისკენ დიზაინი მკვეთრად იცვლება. საქარე მინა შედარებით დახრილია, სახურავის ხაზიც უფრო მკვეთრად ეშვება და კუდიც შესამჩნევად უფრო მოკლე და გამოკვეთილია. ინტერიერში მთავარი აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებია: სრულად ციფრული პანელი და ცენტრალური მრუდე ეკრანი. სისტემა Augmented Reality-ს ფუნქციასაც იყენებს, ხოლო მძღოლი ყველა საჭირო ინფორმაციას პირდაპირ ეკრანზე იღებს.
ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
რაც შეეხება ფასს: ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილის ფასი 110 ათასი ევროდან დაიწყება. მოდელის ოფიციალური დებიუტი წელს პეკინის ავტოშოუზე შედგება. შეკვეთები კი 2026 წლის ზაფხულისთვის დაიწყება.