ოფიციალურად: Formula 1 თურქეთში, ლეგენდარულ ტრასაზე ბრუნდება
Formula 1-ის კალენდარში ავტოსპორტის მაყურებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრასის დაბრუნება უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის პირობებით, თურქეთის გრან-პრის ჩემპიონატში 2027 წელს ვიხილავთ და, სულ მცირე, 2031 წლამდე მას F1-ში ადგილი გარანტირებული ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
პანდემიის პერიოდის დროებითი დაბრუნებისგან განსხვავებით, ახალი შეთანხმება გრძელვადიან პარტნიორობას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს Istanbul Park-ის ტრასაზე, რომელიც ცნობილია თავისი ტექნიკური სირთულითა და ლეგენდარული მერვე მოსახვევით. ეს უკანასკნელი F1-ის პილოტებისგან მაქსიმალურ ყურადღებასა და კონცენტრაციას, ბოლიდის საბურავებისგან კი დიდ გამძლეობას მოითხოვს.
Formula 1-ის მიერ თურქეთის ტრასის დაბრუნება ჩემპიონატის ბევრად უფრო მასშტაბური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კალენდარში მაღალი ხარისხის, გამოცდილი ტრასების დაბრუნებას ისახავს მიზნად. რა საკვირველია, მსგავსი ტიპის ტრასები გრან-პრის ბევრად უფრო საინტერესოსაც ხდის და მაყურებელსაც იზიდავს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Istanbul Park-ი სწორედ ის ტრასაა, რომელზეც 2020 წელს, წვიმიან პირობებში, ლუის ჰამილტონმა თავისი მეშვიდე ჩემპიონობა გაიფორმა.

თუმცა, ვინაიდან F1-ის განრიგი ისედაც გადატვირთულია, კალენდარში თურქეთის გრან-პრის დამატება, შესაძლოა, ავტომატურად სხვა ტრასების მოხსნას ნიშნავდეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემპიონატის კალენდარში გარკვეული ცვლილებების შეტანაც გახდა საჭირო, მათ შორის რბოლების გადადების ან გაუქმების სახით. თუმცა ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი მხოლოდ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ Istanbul Park-ი F1-ის გულშემატკივრებისთვის მოლოდინების გამართლებას შეძლებს.