ელექტრომობილები, კია, ბიუაიდი, ევროპა, ბივაიდი
Aa
Aa

BYD-ის გაყიდვების 150%-იანი ზრდის საპასუხოდ, Kia ევროპაში აგრესიულ საფასო პოლიტიკას მიმართავს

ევროპის საავტომობილო ბაზარზე ნამდვილი ფასების ომი მძვინვარებს და Kia ამ ბრძოლის ეპიცენტრშია. სამხრეთკორეული გიგანტი ჩინური ბრენდების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის და გადაწყვიტა, საკუთარი ფინანსური რეზერვები კონკურენტების შესაჩერებლად გამოიყენოს. კომპანიის სტრატეგია მარტივი, მაგრამ სარისკოა: ფასების შემცირება გაყიდვების ზრდის სანაცვლოდ.

Kia-ს მიზანია ევროპაში ჩინურ მოდელებთან საფასო დისტანცია 15-20 პროცენტამდე შეამციროს (ადრე ეს სხვაობა 25 პროცენტს აღწევდა). ეს ნაბიჯი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ციფრები შემაშფოთებელია — მარტში BYD-ის გაყიდვები ევროპაში 150%-ით გაიზარდა, მაშინ როცა Kia-ს ზრდამ მხოლოდ 6 პროცენტი შეადგინა.

კორეული ავტომწარმოებლის ხელმძღვანელი, სონ ჰო-სუნგი აცხადებს, რომ კომპანიას აქვს საკმარისი მოგება და რესურსი, რათა მომხმარებელს მეტი სტიმული და ფასდაკლება შესთავაზოს. მართალია, ამ სტრატეგიამ კვარტალური მოგების მცირე კლება გამოიწვია, მაგრამ კომპანია ამას აუცილებელ მსხვერპლად მიიჩნევს ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად.

Kia-ს ოპტიმიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩინეთის შიდა პოლიტიკაა. არსებობს მოლოდინი, რომ ჩინეთის მთავრობა ელექტრომობილების სუბსიდირებას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს, რაც ჩინურ ბრენდებს იმ ძალას გამოაცლის, რომლითაც ისინი დაბალ ფასებს ინარჩუნებენ. კორეული ბრენდის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ჩინურ კომპანიებს გაუჭირდებათ ევროპაში ასეთივე აგრესიული ტემპით წინსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ახალი ელექტრომობილების გაყიდვები მარტში 15.2 პროცენტით შემცირდა, ევროპაში ბრძოლა მაინც გადამწყვეტ ფაზაში შედის. Kia იმედოვნებს, რომ ბრენდის ნდობა და აგრესიული საფასო პოლიტიკა საკმარისი იქნება BYD-ის, Geely-სა და სხვა ჩინური მონსტრების შესაჩერებლად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები