ვინ რამდენს გამოიმუშავებს? | ავტოინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელები
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური კომპანიებისა და ავტოგიგანტების აღმასრულებლების ანაზღაურება ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 2025 წელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ამერიკული ავტოინდუსტრიის ხელმძღვანელებისთვის, რომელთა შემოსავლებიც გასულ წელს რეკორდულად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სექტორში გასულ წელს ბევრი გამოწვევა იყო, რაც შემდგომში ავტომწარმოებელთა შემოსავლებსა და წარმოებაზეც აისახა, როგორც ჩანს, ამერიკული გიგანტების მმართველების ანაზღაურებას ეს ნამდვილად არ შეხებია.

გასულ წელს ისეთმა ავტოგიგანტებმა, როგორებიც Ford-ი, General Motors-ი, Rivian-ი, Tesla და Stellantis-ი არიან, მკვეთრად გაზარდეს თავიანთი ხელმძღვანელებისთვის ანაზღაურება. ბევრი მათგანის ხელფასები (რომლებიც ასევე ბონუსებსა და კომპანიის აქციებიდან სარგებელსაც მოიცავს) 2024 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი სიის სათავეშიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Tesla-ს ხელმძღვანელია წარმოდგენილი. ასევე ყველაზე მაღალანაზღაურებად ამერიკული ავტოინდუსტრიის ხელმძღვანელებს შორის არიან ჯიმ ფარლი, მერი ბარა და ა.შ.
მასკის ანაზღაურება ასტრონომიულია იმასთან შედარებით, რა შედეგებიც Tesla-მ გასულ წელს აჩვენა. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის გლობალური გაყიდვები დაახლოებით 8.6%-ით დაეცა, წლიურმა შემოსავალმა კი $95 მილიარდი შეადგინა. ამის მიუხედავად, მილიარდერის ანაზღაურებამ, დაუდასტურებლად, $8.8 მილიარდს მიაღწია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თანხა პირდაპირ ხელფასს არ გულისხმობს და აქციებზე დამყარებულ გეგმაზეა მიბმული. ცნობისთვის, გასულ წელს Tesla-ს აქციონერებმა ამერიკელი ბიზნესმენის ანაზღაურების $1-ტრილიონიან გეგმასაც მხარი დაუჭირეს. ამ თანხას ის იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომპანია დასახულ ამბიციურ მიზნებს მიაღწევს.

საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა Rivian-საც. გასულ წელს კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 18%-ით შემცირდა (ჯამში 42 000-მდე მიწოდებული ავტომობილი), ხოლო წლიური შემოსავალი $5.4 მილიარდით შემოიფარგლა. ამის მიუხედავად, Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორი, არ-ჯეი სკარინჯი რეიტინგში მეორე ადგილზეა. ანაზღაურებიდან $1.1 მილიონი უშუალოდ ხელფასზე მოდის, 373 მილიონ აშშ დოლარზე მეტი — აქციების ოფციონებზე, დანარჩენი კი ბონუსებსა და აქციებიდან შემოსავლებზე ნაწილდება.
მერი ბარამ გასულ წელს $29.9 მილიონი გამოიმუშაა, რაც გასულ წელთან შედარებით მოკრძალებული, 1.3%-იანი ზრდაა. ბარა General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს უკვე 12 წელია იკავებს და ამ პერიოდში, ჯამში, $300 მილიონზე მეტი აქვს მიღებული. სხვა ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, გამოწვევების მიუხედავად, გასულ წელს GM-მა საკმაოდ სტაბილური ზრდა დააფიქსირა. 2025 წელს გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, წლიურმა შემოსავალმა კი რეკორდულ, $185 მილიარდს მიაღწია.

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის ანაზღაურება გასულ წელს 11%-ით, $27.5 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი Ford-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, GM-ის მსგავსად, Ford-მაც 2025 წელს საკმაოდ სტაბილური შედეგები აჩვენა. ავტომწარმოებელმა 2.2 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, შედეგად შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და $187.3 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება Stellantis-ს, ამ ავტომწარმოებლის შემთხვევაში გასულ წელს საკადრო ცვლილებებიც უხვად ვიხილეთ. ივნისში ფირმას სათავეში ანტონიო ფილოზა ჩაუდგა, რომელმაც ჯამში $6.2 მილიონი მიიღო, თუმცა ეს მხოლოდ 6 თვის ანაზღაურებაა.