სასამართლო მოგებულია — Ford-ი Ranchero-ს დაბრუნებაზე მუშაობს
ფორდის ბიუროკრატიული ოდისეა დასრულდა — სახელი Ranchero კანონიერ მფლობელს ოფიციალურად დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ ნაბიჯს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას უწოდებს, ავტოინდუსტრიის ისტორია გვაჩვენებს, რომ Bronco-სა და Maverick-ის შემთხვევაშიც ყველაფერი სწორედ მსგავსი იურიდიული პროცედურებით დაიწყო, მოგვიანებით კი წარმატებული მოდელები ვიხილეთ.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
სავაჭრო ნიშნის დაბრუნება მარტივი არ ყოფილა — პროცესი 2025 წლის აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე უცნაური დაბრკოლებაც გაიარა. აშშ-ის პატენტების ბიურომ (USPTO) თავიდან უარი თქვა განაცხადზე, რადგან ფორდს სიტყვა „Ranchero“-ს ინგლისური თარგმანი არ წარუდგენია (ეს ესპანურად „რანჩოს მფლობელს“ ან „ფერმერს“ ნიშნავს). შემდეგ იყო 100-დოლარიანი მოსაკრებლის გადახდის დავიწყება, რამაც პროცესი კიდევ უფრო გააჭიანურა.
საბოლოოდ, 2026 წლის 21 აპრილს ფორდმა ყველა იურიდიული ხარვეზი გამოასწორა და ლეგენდარული სახელი დაიბრუნა.
როგორი იქნება ახალი Ranchero?
ამ ეტაპზე ამ სახელის ირგვლივ ორი ყველაზე რეალური სცენარი განიხილება — პირველი და ყველაზე ლოგიკური Ranchero-ს Maverick-ის ბაზაზე აწყობა მოსჩანს, თუმცა ერთრიგიანი სალონითა და გრძელი სატვირთო პლატფორმით. ეს იდეალური გადაწყვეტა იქნებოდა, რადგან მცირე ბიზნესებსა და კურიერებს, ვისაც დიდი ტვირთის გადაზიდვა მცირე დანახარჯებით სჭირდება, კარგ გამოსავალს შესთავაზებდა.
მეორე ვარიანტი, რომ Ranchero ფორდის ახალი, მასიური მოხმარების ელექტრომობილის პიკაპ-ვერსია გახდეს. თუმცა, Mustang Mach-E-ს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გათვალისწინებით, კონსერვატორი ფანებისთვის ელექტრო-Ranchero-ს მიღება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.
თუ აქამდე ამ მოდელის შესახებ არ გსმენიათ, გეტყვით, რომ Ranchero არ არის უბრალოდ პიკაპი — ის Coupe Utility სეგმენტის ფუძემდებელია. თუ ფორდი მას დააბრუნებს, ეს იქნება ავტომობილი მათთვის, ვისაც მისგან სჭირდება პიკაპის ფუნქციების შესრულება, მაგრამ ამავდროულად უპირატესობას მსუბუქი ავტომობილის მართვის სტილსა და მანევრირებადობას ანიჭებს.