EV-ების ბაზარს მალე მილიონამდე მეორადი მოდელი „დატბორავს“ | ელექტრომობილების ინდუსტრია ახალი კრიზისის წინაშეა
ავტოინდუსტრია მალე, შესაძლოა, სრულიად ახალი და საკმაოდ სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ახლო მომავალში ბაზარზე ლიზინგით გაცემული ასობით ათასი ელექტრომობილი უკან დაბრუნდება. ამ ამბის რეალური პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ამ ავტომობილების დიდი ნაწილის ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ავტომწარმოებლები თავდაპირველად გეგმავდნენ, რაც ავტოინდუსტრიისთვის მილიარდობით დოლარის ზარალს წარმოშობს.

ლიზინგმა ელექტრომობილებით მომხმარებელთა დაინტერესებასა და გაყიდვების ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დაბალი ყოველთვიური გადასახადები და საგადასახადო შეღავათები იმ წამახალისებლებს შორის იყო, რამაც მძღოლებს ელექტრომობილებზე გადასვლისკენ უბიძგა. ეს სტრატეგია თავდაპირველად ეფექტიანად მუშაობდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2028 წლისთვის ბაზარზე 800 000-მდე მეორადი ელექტრომობილი გამოჩნდება. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომლის მარტივად მიღებასაც მეორადი ავტომობილების ბაზარი — განსაკუთრებით კი ფასები — ვერ შეძლებს.
ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ფასების კატასტროფული ვარდნაა. ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, ავტომწარმოებლებმა თითოეულ ავტომობილზე, საშუალოდ, 10 000 აშშ დოლარამდე დაკარგონ, რაც საერთო ზარალს ინდუსტრიისთვის 8 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ამ ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს: მათ შორის ის, რომ ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებისგან განსხვავებით, 3 წლის ასაკის ელექტრომობილი უკვე მოძველებულად ითვლება. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ Tesla-ს საფასო ომი აქვს გამოცხადებული და ახალ მოდელებზე ფასები მკვეთრად შეამცირა — ამან გავლენა მეორადი ავტომობილების ღირებულებაზეც იქონია. ამავდროულად კი, მყიდველებს ბატარეის დეგრადაციის საკითხიც აწუხებთ, რაც ფასს კიდევ უფრო დაბლა წევს.

ეს მყიდველებისთვის ერთგვარი შანსია: ვისაც ახალი ელექტრომობილის თანხა არ ჰქონდა, რამდენიმე წელში მეორადს საკმაოდ კარგ ფასად შეიძენს. ფაქტია, ავტომწარმოებლებს გამოსავლის პოვნა მოუწევთ, რადგან 800 000 ერთეული ავტომობილი ბაზარს მართლაც „დატბორავს“; მათ მოუწევთ, ელექტრომობილების საფასო სტრატეგიასა და გაყიდვების გეგმას თავიდან ბოლომდე გადახედონ.