კლასიკური ავტომობილები, ფერარი, კენდალ ჯენერი, ფერარი 512 თიარი, ფერარი 512 ტრ
Aa
Aa

Ferrari 512 TR | კენდალ ჯენერის ახალი ნოსტალგიური რეტრო-მოდელი

რამდენიმე დღის წინ სუპერმოდელ კენდალ ჯენერის მიერ გამოქვეყნებულმა Instagram-პოსტმა ყველას ყურადღება მიიპყრო. ამერიკელი მოდელისგან, რომლის ავტოფარეხიც არაერთი, ძირითადად გასულ საუკუნეში გამოშვებული კლასიკისგან შედგება, მსგავსი შენაძენები გასაკვირი არაა, თუმცა ამ ავტომობილმა ყველას გაოცება მაინც მოახერხა, სოციალურ ქსელში კი მილიონობით მოწონება დაიმსახურა.

კადრში იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Ferrari 512 TR ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, Argento Nürburgring-ის ფერშია შეღებილი. ეს ერთი სტანდარტული და მორიგი Ferrari არაა – თუ საერთოდაც შეიძლება იტალიური ავტომწარმოებლის რომელიმე ქმნილება ასე მოვიხსენიოთ. ნოსტალგიური რეტრო-მოდელი საკულტო Testarossa-ს ევოლუციაა, რომელმაც თავისი დასამახსოვრებელი სილუეტი შეინარჩუნა, თუმცა მექანიკურად რიგი გაუმჯობესებები შემოგვთავაზა.

Ferrari-მ ამ მოდელში დახვეწა როგორც შასი და გადაცემათა კოლოფი, ასევე საერთო მართვის დინამიკა. შედეგად, სრულყოფილი სპორტული ავტომობილი მივიღეთ, შენარჩუნებული ხასიათითა და ამ ეპოქის ძირითადი მახასიათებლებით. იტალიური მოდელი 4.9-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი. ეს არის 180-იანი კუთხით განლაგებული ცილინდრების მქონე ძრავა, რის შედეგადაც ავტომობილში სიმძიმის ცენტრი უფრო დაწეულია და მართვის გამოცდილებაც გაუმჯობესებული.

ცნობისთვის, Ferrari 512 TR 1991-დან 1994 წლამდე იწარმოებოდა. ძრავა 428–441 ცხენის ძალას გამომუშავებს და 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. შედეგად კი 0-დან 100-მდე 5 წამში ჩქარდება.

როგორც წესი, უახლესი ჰიპერქარების ნაცვლად, ამერიკელი სუპერმოდელი არჩევანს ყოველთვის კლასიკურ ავტომობილებზე აჩერებს. მის გარაჟში არის ყველაფერი: 1957 წლის Chevrolet Corvette, 1965 წლის Ford Mustang, 1969 წლის Chevrolet Camaro SS, 1956 წლის Cadillac Eldorado, 1997 წლის Porsche 911 Carrera 4S, 2014 წლის Mercedes-Benz G500 Cabriolet, Rolls-Royce Wraith-ი და ა.შ.

მსგავსი სიახლეები