საქართველო, რეაბილიტაცია, თბილისი, გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია, რუსთაველის გამზირი, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
Aa
Aa

"რუსთაველზე გამტარიანობა კიდევ უფრო შეიზღუდება - მივიღებთ იგივეს, რაც არის ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირებზე“

„გამტარიანობა კიდევ უფრო შეიზღუდება — მივიღებთ იგივე მდგომარეობას, რაც არის ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირებზე“, — ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლავს: მოკლევადიან პერიოდში, როდესაც დამატებითი წნეხი იქმნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაზე. ამაში იგულისხმება ის, რომ სარემონტო სამუშაოები გარკვეულ უხერხულობას შეუქმნის მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით, ხოლო გრძელვადიან პერიოდში, როდესაც დასრულდება რეაბილიტაცია, პროექტით, რაც გაასაჯაროვა ქალაქის მერიამ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამტარიანობა კიდევ უფრო შეიზღუდება.

ალბათ, მივიღებთ იგივე მდგომარეობას, რაც არის ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირებზე. ამ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის მდგომარეობაც იქნება ანალოგიური. მერიას უნდა დაეგეგმა და წინასწარ განესაზღვრა, რომ როდესაც მოხდებოდა გამზირის სრულად გადაკეტვა, დატვირთვა გაიზრდებოდა პარალელურ ქუჩებზე. ამ შემთხვევაში, დამატებითი სამუშაო იქნება საპატრულო პოლიციისთვის და, შესაბამისად, მერიის სამსახურისთვის, და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

ყველაზე კრიტიკული პერიოდი შემოდგომის დასაწყისია, როდესაც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყება“, — განუცხადა „პალიტრანიუსს“ ალექსი ნონიაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისიდან დაიწყო. შედეგად, აღნიშნულ გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

არსებული გეგმით, რეაბილიტაციის პროცესი 4 თვე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში სამოძრაო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც შეიცვლება.

წყარო — BPN.GE

მსგავსი სიახლეები