5 გავრცელებული მითი ავტომობილებზე, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება
დღესაც კი, ავტომობილების მართვასა თუ მოვლასთან დაკავშირებული არაერთი მცდარი მოსაზრება იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ მძღოლების უმრავლესობა მათ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ენდობა. თუმცა, რეალურად, ამ შეხედულებების დიდი ნაწილი უბრალოდ მითია და ფაქტებთან საერთო თითქმის არაფერი აქვს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ, თუმცა მცდარ მოსაზრებას ავტომობილების შესახებ, რომლებიც დღემდე ბევრს სიმართლე ჰგონია.
ასევე დაგაინტერესებთ: ქართული მითები ავტომობილებზე
მითი N1: არასწორად შერჩეული საწვავი თქვენს ძრავას აუცილებლად გაანადგურებს
ხშირად გაგვიგია, რომ ბენზინზე მომუშავე ავტომობილში დიზელის საწვავის ჩასხმა ძრავას მყისიერად გააფუჭებს, ხოლო დიზელის ძრავა თითქმის ნებისმიერ საწვავზე „უპრობლემოდ“ მუშაობს. რეალურად, ძველი თაობის დიზელის ძრავები მართლაც ნაკლებად უფრო მომთხოვნი იყო — თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათში ნებისმიერი სითხის ჩასხმა შეიძლება. რაც შეეხება ბენზინზე მომუშავე ავტომობილში დიზელის გამოყენებას, ესეც, რა თქმა უნდა, პრობლემას შექმნის, თუმცა არ ნიშნავს, რომ თქვენი ძრავა იმ წამსვე და თან, სამუდამოდ „დაასტუკებს“.
თუ შეცდომა დროულად გამოვლინდება და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული, დიდი შანსია, რომ გამოუსწორებელ დაზიანებასაც თავიდან აიცილებთ. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გირჩევთ, რომ გააზრებულად არ გარისკოთ და შესაბამისი ტიპის საწვავი გამოიყენოთ.

მითი N2 – დაძვრამდე ძრავა რამდენიმე წუთით აუცილებლად უნდა იყოს დაქოქილი
ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალური წარსულში გახლდათ, თუმცა თანამედროვე ავტომობილებისთვის ნამდვილად აღარაა აუცილებელი. დღევანდელ ძრავებში ზეთის სრულფასოვან ცირკულაციას დაახლოებით 30-დან 60 წამამდე სჭირდება. ამიტომ, დაქოქილი ძრავით ერთ ადგილას დგომის ნაცვლად, სჯობს, თუ ავტომობილს ნელი ტემპით დაძრავთ მანამ, სანამ ძრავა სამუშაო ტემპერატურას მიაღწევს.
მითი N3 - წითელი ავტომობილის დაზღვევა უფრო ძვირია
ამ მოსაზრების შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ, თუმცა რიგ ქვეყნებში მძღოლების ნაწილს მართლაც ჰგონია, რომ წითელი ავტომობილის დაზღვევა ბევრად უფრო ძვირი დაუჯდებათ. თუმცა, რეალურად, დაზღვევის დროს სადაზღვევო კომპანიები ავტომობილის ფერს არ ითვალისწინებენ. ძირითადად, ყურადღება მარკას, მოდელს, გამოშვების წელს, VIN-კოდს, მფლობელის ისტორიასა და სხვა რისკფაქტორებს ექცევა. მხოლოდ ამის შემდეგ კი, ვინმეს შესაძლოა თქვენი ავტომობილის ფერიც გაახსენდეს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათი ან სპეციალური ფერები შეიძლება ძვირი იყოს შესაკეთებლად, რადგან შესაბამისი საღებავის ან დეტალების მოძიება რთულდება.

მითი N4 - პრემიუმ საწვავი ყველა ავტომობილისთვის უკეთესი არჩევანია
მაღალი ოქტანობის საწვავი აუცილებლად ყველა ავტომობილისთვის საუკეთესო არჩევანი ვერ იქნება. თუ ავტომწარმოებელი კონკრეტული მოდელისთვის სტანდარტული ტიპის ბენზინის საწვავს უწევს რეკომენდაციას, პრემიუმ საწვავი არც თქვენი ავტომობილის სიმძლავრეს გაზრდის და არც საწვავის ეკონომიისთვის წაგადგებათ. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც: მაღალი წარმადობის სპორტული ავტომობილები ხშირად სწორედ პრემიუმ საწვავზე მუშაობისთვის არის შექმნილი და ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება აუცილებელია.

მითი N5 - ფრინველები სპეციალურად სუფთა ავტომობილებს „უმიზნებენ“
ყველაზე აბსურდული მითი, რომლისაც ბევრს სჯერა... ზოგ მძღოლს ჰგონია, რომ ახლად გარეცხილი ავტომობილი ფრინველების საყვარელი „სამიზნეებია“, მაგრამ ეს მხოლოდ დამთხვევაა. ფრინველები ავტომობილებს მიზანმიმართულად არ ირჩევენ და არც რაიმე პირადი შურისძიება ამოძრავებთ თქვენი გარეცხილი მანქანის მიმართ.