სუპერქარები, ბუგატი, ბუგატი ვეირონი
Aa
Aa

$42 000-იანი საბურავები: რა იმალებოდა Bugatti Veyron-ის რეკორდული სიჩქარის უკან?

Bugatti-ს ექსკლუზიური სუპერქარებისთვის განკუთვნილი საბურავების კომპლექტი ერთ დროს დაახლოებით $42 000 ღირდა. ფასი, რომელიც ბევრ ახალ ავტომობილზე ძვირიც კი იყო. თუმცა, ასეთი მაღალი ღირებულება მხოლოდ ბრენდის ექსკლუზიურობით არ იყო განპირობებული — რეალურად, ამის მიზეზი საინჟინრო კომპლექსურობით აიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

როდესაც Bugatti-მ Veyron-ის შექმნა დაიწყო, მისი მიზანი ერთი რიგითი სუპერქარის გამოშვება არ ყოფილა. ფრანგული კომპანია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის შექმნას ცდილობდა — 1 000 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრით, 400 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარითა და თითქმის ორი ტონის წონით. შედეგად, ამ მონაცემებით, Veyron-ისთვის სტანდარტული საბურავები სრულიად გამოუსადეგარი იყო.

ინჟინრებს კი ისეთი ტიპის საბურავები სჭირდებოდათ, რომლებიც უკიდურესად მაღალ დატვირთვასა და ტემპერატურას გაუძლებდა. საუკეთესო ვერსიის ძიების პროცესში Bugatti-მ საბურავების რამდენიმე მწარმოებელს მიმართა და ისეთი პროდუქტის შექმნა სთხოვა, რომელიც Veyron-ის შესაძლებლობებს გაუძლებდა. თუმცა, კომპანიების უმეტესობამ განუცხადა, რომ ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

შესაძლოა, არც გაგიკვირდებათ, რომ გამოწვევა საკუთარ თავზე მხოლოდ Michelin-მა მიიღო და Bugatti-ს მოთხოვნებისთვის უნიკალურ საინჟინრო გადაწყვეტასაც მიაგნო. Veyron-ის საბურავები სპეციალური პროცესით იწარმოებოდა და თითოეული მათგანი მკაცრ ხარისხის კონტროლს გადიოდა. რა გასაკვირია, რომ ერთი კომპლექტის ფასი $42 000-ს აღწევდა. თუმცა, მათაც კი ჰქონდათ შეზღუდვები — ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე საბურავებს მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეეძლოთ გაეძლოთ, რადგან წარმოქმნილი სიცხე და დატვირთვები საფრთხეს ქმნიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბურავები Michelin-ის PAX სისტემას იყენებდა, რომელიც სპეციალურ დისკსა და შიდა საყრდენ რგოლს მოიცავდა. თუმცა, ამან დამატებით ახალი პრობლემებიც წარმოქმნა — მაღალი დატვირთვების გამო საბურავების რესურსი შეზღუდული იყო, ხოლო მათი შეცვლა და მომსახურება სპეციალურ პროცედურებს მოითხოვდა. ზოგიერთ შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით დისკების მდგომარეობის შემოწმებაც აუცილებელი ხდებოდა, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯებს ზრდიდა.

Veyron-ის პრობლემა, Chiron-ის გადაწყვეტა

თუმცა, მაშინ, როდესაც Bugatti-მ Chiron-ზე მუშაობა დაიწყო, კომპანიის ინჟინრები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მათ თან გამძლე, თან უსაფრთხო და თანაც პრაქტიკული საბურავები უნდა შეექმნათ, რომლებიც მფლობელებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ. ახალი საბურავების შესამოწმებლად Bugatti-მ და Michelin-მა თვითმფრინავის საბურავების სატესტო მოწყობილობაც კი გამოიყენეს, რადგან სტანდარტული, ავტომობილებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები Bugatti-ს შესაძლებლობებს ვერ ზომავდნენ.

საბოლოოდ, წინამორბედთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საბურავები მივიღეთ. Veyron-თან შედარებით, Chiron-ის წინა საბურავებს გზასთან კონტაქტის ფართობი 14%-ით, ხოლო უკანა საბურავებს 12%-ით მეტი აქვთ, რაც მოჭიდებას აუმჯობესებს. მთავარი განსხვავება კი ის იყო, რომ ახალი ტიპის საბურავები აღარ საჭიროებდა Veyron-ის რთულ PAX სისტემას და მათი მონტაჟი უფრო ჩვეულებრივი პროცედურებით ხდებოდა.

შედეგად, Chiron-ისთვის საბურავების შეცვლა მნიშვნელოვნად გაიაფდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა სტანდარტულ სპორტქარებთან შედარებით, ისინი კვლავ უფრო ძვირი ღირს. ნაკლები ღირებულების მიუხედავად, ტექნოლოგია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა — 420 კმ/სთ სიჩქარეზე საბურავის შიდა კომპონენტები დაახლოებით 3 800G-მდე ცენტრიდანულ დატვირთვას განიცდიან, თუმცა მათი კონსტრუქცია ასეთ ექსტრემალურ პირობებშიც უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სიახლეები