პორშე, პორშე კაიმანი, ჯარიმა, საგზაო წესების დარღვევა
Aa
Aa

მამამ შვილებს Porsche Cayman-ის საბარგულზე გასეირნება მოუწყო | სასამართლომ ის $5 000-ით დააჯარიმა

სინგაპურში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც შვილებისთვის დაუვიწყარი გასეირნების მოწყობა გადაწყვიტა, საბოლოოდ ავტომობილის მართვის უფლება დაკარგა და სოლიდური ფინანსური ჯარიმის გადახდაც მოუწია. მიზეზი კი ერთი უჩვეულო და ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება გახდა — მან ორი მცირეწლოვანი ბავშვი Porsche Cayman-ის უკანა ნაწილზე ჩამოსვა და ავტომობილი ისე დაძრა.

შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. 40 წლის მამაკაცმა თავის 7 და 8 წლის შვილებთან ერთად დროის გატარება გადაწყვიტა. მან ბავშვებს ყვითელი ფერის Porsche Cayman-ის საბარგულზე დასხდომა შესთავაზა, ისე რომ ზურგით ავტომობილის ძარის საპირისპიროდ ყოფილიყვნენ და მანქანის უკანა დიდი ზომის სპოილერს ჩასჭიდებოდნენ.

ამის შემდეგ კი, ბავშვები მეზობელ რაიონში, მცირედ დასახლებულ ქუჩაზე დაბალი სიჩქარით „გაასეირნა“. თავად მას ეს იდეა სახალისო ოჯახურ გასართობად მოეჩვენა, თუმცა სამართალდამცველები ასე ნამდვილად არ ფიქრობდნენ. მათ ქმედება ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნიეს, რაც ლოგიკურია.

შემთხვევის ამსახველი მოკლე ვიდეო თავად მძღოლის მეუღლემ სოციალურ ქსელში გააზიარა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი მომხდარის შესახებ საპატრულო განყოფილებას განუცხადა და უთხრა, რომ ორი ბავშვი „მოძრავი Porsche-ს უკანა ნაწილს ეჭიდებოდა“.

View this post on Instagram

A post shared by CNA (@channelnewsasia)

სინგაპურის ხელისუფლებამ მამაკაცის იდენტიფიცირება მალევე შეძლო. თუმცა ის მხოლოდ მარტში დააკავეს. სასამართლოში წარდგენისას მამაკაცმა 14 წლამდე ასაკის ბავშვების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დაუდევარი ქმედების ჩადენაში თავი დამნაშავედ სცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლს ავტომობილის მართვის უფლება ექვსი თვით შეუჩერდა და დაახლოებით $4 000-ითაც დაჯარიმდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის წარსულშიც იყო შემჩნეული საგზაო წესების დარღვევაში, რაც მის შემთხვევას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს კი შეხსენება უნდა იყოს ყველა მძღოლისთვის, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები